აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპი ჩინეთსა და NATO-ს მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტეში აშშ-ს დახმარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 მარტს მოითხოვა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აშშ-ს სხვა ქვეყნებიც უნდა დაეხმარონ, რადგან, ტრამპის თქმით, აღნიშნული სავაჭრო მარშრუტი, რომლის გავლითაც მსოფლიოს ენერგორესურსების მეხუთედი გადაიზიდება, სხვა ქვეყნებისთვის უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე - აშშ-სთვის. 

პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე რეპორტიორებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ სრუტის უსაფრთხოებაში წვლილი ჩინეთის მსგავსმა ქვეყნებმაც უნდა შეიტანონ, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვაზე. 

"მე მოვითხოვ, რომ ეს ქვეყნები მოვიდნენ და თავიანთი ტერიტორია დაიცვან, რადგან ეს მათი ტერიტორიაა. ეს არის ადგილი, საიდანაც ენერგორესურსებს იღებენ და უნდა მოვიდნენ და დაგვეხმარონ მის დაცვაში." - აღნიშნა ტრამპმა. 

"რატომ ვინახავთ ჰორმუზის სრუტეს ჩვენ, როცა რეალურად ის ჩინეთისა და მრავალი სხვა ქვეყნისთვის არსებობს? ისინი რატომ არ აკეთებენ ამას?" - იკითხა მან. 

მანამდე Financial Times-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა NATO გააფრთხილა, რომ ალიანსს "ძალიან ცუდი" მომავალი ექნება, თუკი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნაში აშშ-ს არ დაეხმარებიან. 

ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ შესაძლოა, მარტის ბოლოსთვის ჩინეთში პრეზიდენტ სი ძინფინგთან დაგეგმილი ვიზიტი გადადოს იმ ფონზე, როცა აშშ ჩინეთისგან ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანას მოითხოვს. 

"მხოლოდ მიზანშეწონილია, რომ ხალხი, ვინც სრუტით სარგებელს ნახულობს, დაგვეხმარება, რათა უზრუნველვყოთ, რომ იქ ცუდი არაფერი მოხდეს." - ამბობს და განმარტავს, რომ ევროპა და ჩინეთი, აშშ-სგან განსხვავებით, ძლიერ არიან დამოკიდებულები სპარსეთის ყურის ნავთობზე.

"თუ პასუხი არ იქნება ან თუკი უარყოფითი პასუხია, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება NATO-ს მომავლისთვის." - დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

16 მარტს ნავთობის ფასები ერთ ბარელზე $100-ს გადასცდა. Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $105-მდე ავიდა, ხოლო ამერიკული West Texas Internediate-ის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $100-ს მიაღწია. 

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის შედეგად გამოწვეული შეფერხებების გამო ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასებმა ზრდა დაიწყო და პიკზე ერთი ბარელის ფასი $117-მდეც იყო ასული.

მას შემდეგ ფასებმა მერყეობა დაიწყო და 10 მარტს წინა კვირასთან შედარებით დაახლოებით 14%-ით შემცირდა, თუმცა, ფასებმა კვლავ იმატა მას შემდეგ, რაც ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, 12 მარტს წერილობით გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო და განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გააგრძელებს.

11 მარტიდან მოყოლებული სპარსეთის ყურეში ექვს გემზე თავდასხმა მოხდა. ირანის რეჟიმს ნათქვამი აქვს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვას "არ დაუშვებს," ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დაემუქრა ყველა გემს, რომელიც სრუტეში გაცურვას შეეცდებოდა.

მანამდე CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რის შემდეგაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ თუკი ირანმა მართლაც დაიწყო სრუტის დანაღმვა, "დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ნაღმების მოშორება". წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი თეირანს "აქამდე არნახული დონის სამხედრო პასუხით" დაემუქრა. ცოტა ხნის შემდეგ აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მათმა ძალებმა 10 მარტს ჰორმუზის სრუტესთან ახლოს 16 ირანული დამნაღმველი გემი გაანადგურეს.

Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს. 

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. 

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა. 

კომენტარები