ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი საქალაქო სასამართლოში ახლახან გამოცხადდა. ნინო გალუსტაშვილმა მიქაუტაძე უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ცხრავე ეპიზოდში ცნო დამნაშავედ.

რომეო მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა საცხოვრებელი სახლები ესპანეთსა და მცხეთაში. მისი და მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, ასევე, ნახიდურჰესის 15%-იანი წილი.

წინა პროცესზე რომეო მიქაუტაძემ თქვა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს არ იზიარებს, თუმცა, ერთი კვირის წინ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.

"რასაც ამდენი ხანია გიყვებით, ტოვებს ერთადერთ, უალტერნატივო დასკვნის საფუძველს - ამდენი უზუსტობა ბუღალტერიაში და ჩვენებებში, მითუმეტეს, ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა თავისთავად, ეს არის კონკრეტული პირების, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, კონკრეტული დავალებების, მეგობრების თხოვნებისა და შურ-ბოღმიანობის შედეგი. სიცრუის და მიზანმიმართული დეზინფორმაციის შექმნის მცდელობით გამოწვეული ნეგატივის შესაღება საზოგადოებისთვის არა და ვერ გამოგივათ, ამის იმედი კი არა, მჯერა.

მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, ასეთი ზიანისა, ოღონდ, ვის მივაყენე და რა მივაყენე არ ვიცი, ვინ რით დავაზიანე, არ ვიცი, იმიტომ, რომ განგებამ გვაჩუქა ჩემი მოსახელის და მოგვარის მოლოდინი, ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად ჩაივლის და მალე გაჩნდება კაცი, მორიგი მიქაუტაძე, სწორედ ამიტომ, 1 კვირის წინ პროკურატურას მივმართე საპროცესო გარიგების გაფორმების თხოვნით. არარსებული დანაშაულის აღიარების და არარსებული ზიანის ანაზღაურების მზადყოფნის, რაც მთელი ოჯახის გადაწყვეტილება, რომ იქნებ, ერთად ვიზეიმოთ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე თვეში გველოდება. საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოგვიწევს, მაგრამ არც ამას არ შევუშინდებით.

ისევ ცალმხრივი მოლოდინის რეჟიმში ვართ. პროკურატურა იმეორებდა, არ მოუმართავთო, ჰოდა, ჩვენც მივმართეთ. შეიქმნა პრაქტიკები მსგავსი შემთხვევებისა. ჩემი შემთხვევა ის არის, რომ გაუგებარია ზიანი ვის მიადგა და სად. საზოგადოებრივ ინტერესს მიადგა ზიანიო, როგორც 194-ე მუხლი, რომელსაც პროკურორები "რეზინის მუხლს" ეძახიან. სადამდეც გინდა, იქამდე გაწელავ, ამას ნიშნავს "რეზინის მუხლი". - თქვა მიქაუტაძემ, IPN-ს ცნობით.


რომეო მიქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე იმედი TV-ს ეთერში ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა.

ივანიშვილის სუს-ის ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს რომეო მიქაუტაძის შესახებაც ამბობდა, რომ სუს მუშაობს, რათა "ნათელი მოეფინოს" როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა.

2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეეფარდა.

30 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები