რომეო მიქაუტაძე

ლელა კალიჩენკომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა და ბრალდებული, რომეო მიქაუტაძე პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე პატიმრობის 100 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

რადიოს ცნობით, კალიჩენკოს თქმით, ბრალდებები მრავალეპიზოდიანია და ეხება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ბრალი დაკავშირებულია მიქაუტაძის სამსახურებრივ საქმიანობასთან წლების განმავლობაში.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებებზე ზემოქმედების საფრთხე.

"მიმალვა არის ადამიანის ემოციური მდგომარეობა, რომელიც განსხვავებული შეიძლება იყოს, შემდგომ ეტაპზე, როცა იცვლება სტატუსი და ინფორმაციები უფრო და უფრო ღრმა კვლევასთააა დაკავშირებული და გარკვეულ ინფორმაციაზე გამოძიება კიდევ გრძელდება, ყოველივე ეს ქმნის ისეთ რისკებს, რაც პირი ემოციას უკავშირდება". - თქვა, რადიო თავისუფლების ცნობით, კალიჩენკომ.

არსებითი განხილვის პირველი სხდომა 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

მიქაუტაძე სუს-მა 21 ივნისს დააკავა, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.

რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

2024 წელს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან დავითაშვილი რომეო მიქაუტაძეზე იმედი TV-ს ეთერში ამბობდა, რომ მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. დავითაშვილი სპეკულაციებს უწოდებდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიქაუტაძის მიმართ რაიმე გამოძიება მიდიოდა.

ივანიშვილის სუს-ის ყოფილი უფროსი ანრი ოხანაშვილი პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს რომეო მიქაუტაძის შესახებაც ამბობდა, რომ სუს მუშაობს, რათა "ნათელი მოეფინოს" როგორ აღმოჩნდა აღნიშნული ტიპის დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა.

კომენტარები