აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სიცოცხლის საკითხი მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს იერიშის შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟმა თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველი განცხადება წერილობით გააკეთა.
წერილობით განცხადებაში მოჯთაბა ხამენეიმ 12 მარტს აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო და განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გააგრძელებს.
"არც კი ვიცი, ცოცხალია თუ არა. ჯერჯერობით ვერავინ შეძლო მისი ჩვენება," აღნიშნა ტრამპმა ინტერვიუში.
"მე მეუბნებიან, რომ არ არის ცოცხალი და თუ არის, ძალზე ჭკვიანური რამ უნდა გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის და ეს დანებებაა," დაამატა ტრამპმა, ხოლო მოჯთაბას სიკვდილთან დაკავშირებით ინფორმაციას "ჭორი" უწოდა.
მანამდე აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამერიკის ინფორმაციით, ირანის "ახალი, ე.წ. არცთუ ისე უზენაესი ლიდერი დაჭრილი და, სავარაუდოდ, დასახიჩრებულია."
"ირანს უამრავი კამერა და უამრავი ხმის ჩამწერი აქვს. რატომ წერილობითი განცხადება? ვფიქრობ, იცით რატომაც. მისი მამა მკვდარია. ის შეშინებულია, დაჭრილია, გაქცევაშია და ლეგიტიმურობა აკლია. ისინი სრულ ქაოსში არიან. ვინ არის სათავეში? შესაძლოა თვითონ ირანმაც კი არ იცოდეს." - თქვა მან.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს წამოწყებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა, ირანის რეჟიმმა ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად მისი შვილი, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი აირჩია.
ამასთან, ინფორმირებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ მოჯთაბამ იერიშების კამპანიის პირველ დღეს ფეხის მოტეხილობა და სხვა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. წყაროს თქმით, დაზიანებული ფეხის გარდა, ხამენეის მარცხენა თვალის ირგვლივ ჩალურჯება და ასევე სახეზე მცირე ჭრილობებიც ჰქონდა.





