აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Ynet: ნეთანუაჰის ზელენსკისთან ირანული დრონების მოგერიებაზე საუბარი სურს

Ukrainian Presidential Press Service/Handout via REUTERS/File Photo

ისრაელური გამოცემა Ynet წერს, რომ ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ირანული დრონების მოგერიებასთან დაკავშირებით ტელეფონით საუბარი სურს. 

ისრაელში უკრაინის ელჩმა, იევგენ კორნიჩუკმა გამოცემას დაუდასტურა, რომ უკრაინულ მხარისთვის თხოვნა გადაცემულია, თუმცა საუბარი დროითი შეზღუდვების გამო ჯერ არ შემდგარა.

გამოცემის მიხედვით, კორნიჩუკმა ასევე თქვა, რომ უკრაინა ისრაელს მხარს უჭერს და აღნიშნა, რომ ირანი ომის დასაწყისში რუსეთს დრონებს აწვდიდა. მანვე მიუთითა ირანის მიერ 2020 წელს უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რის შედეგადაც 176-ვე მგზავრი დაიღუპა. 

"ჩვენს ყველა პარტნიორს ვეხმარებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანმა უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო კომპენსაციის ან აღიარების გარეშე. [...] ჩვენ ირანის არ გვეშინია. ისტორიისა და ცივილიზაციის სწორ მხარეს უნდა ვიდგეთ. ჩვენს ყველა პარტნიორს დავეხმარებით, მათ შორის ამ ოპერაციაში ისრაელს". - თქვა კორნიჩუკმა. 

Ynet-თან საუბრისას ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელისა და უკრაინის დაზვერვის სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ. 

"არის დისკუსიები ჩვენი და ისრაელის დაზვერვის სამსახურებს შორის, რომლებიც წამითაც არ ჩერდება. როგორც ელჩს, ყველაფრის ცოდნა არ მესაჭიროება, თუმცა აშკარაა, რომ რეგიონში ირანული საფრთხის წინააღმდეგ თანამშრომლობას ვაძლიერებთ". - თქვა კორნიჩუკმა. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა New York Times-სთან საუბრისას თქვა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მასშტაბების ზრდის ფონზე, უკრაინამ იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად დრონების ექსპერტთა ჯგუფი და დრონსაწინააღმდეგო დრონები გაგზავნა.

ზელენსკის თქმით, აშშ-მ უკრაინას თხოვნით ხუთშაბათს, 5 მარტს, მიმართა და უკრაინამ ექსპერტთა ჯგუფი მომდევნო დღესვე გაგზავნა.

მოგვიანებით, ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარემ, იბრაჰიმ აზიზმა დაწერა, რომ ისრაელის დრონებით მხარდაჭერის გამო უკრაინა "ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა".

კომენტარები