აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ტრამპის თქმით, მომდევნო კვირის განმავლობაში აშშ ირანს "ძლიერად დაარტყამს"

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Kent Nishimura/AFP via Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში აშშ ირანს "ძალიან ძლიერად" დაარტყამს და დაამატა, რომ "საჭიროების შემთხვევაში," ამერიკა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებს ესკორტირებას გაუწევს.

მანამდე აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Sky News-თან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები სრუტეში გემების ესკორტირებას, "ალბათ, საერთაშორისო კოალიციასთან" ერთად მაშინვე დაიწყებენ, როცა ეს "სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება."

კითხვაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გავლის მხრივ ნავთობტანკერების დახმარებას ეხებოდა, ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ ამას ვიზამთ, თუ ეს დაგვჭირდა, მაგრამ იმედია, რომ საქმე ძალიან კარგად წავა. ვნახავთ, რა მოხდება."

"ჩვენ მომდევნო კვირის განმავლობაში მათ [ირანს] ძალიან ძლიერად დავარტყამთ," დაამატა მან ინტერვიუში.

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ, რომელიც თებერვლის ბოლოს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟია, 12 მარტს აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების პირობა დადო და განაცხადა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას გააგრძელებს. ეს მოჯთაბა ხამენეის მიერ პირველი საჯარო განცხადება იყო მას შემდეგ, რაც ის ქვეყნის უზენაეს ლიდერად აირჩიეს.

ცნობისთვის, Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, მშვიდობიანობის დროს ჰორმუზის სრუტის გავლით ყოველდღიურად საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.

ოთხშაბათიდან მოყოლებული სპარსეთის ყურეში ექვს გემზე თავდასხმა მოხდა. ირანის რეჟიმს ნათქვამი აქვს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის გადაზიდვას "არ დაუშვებს," ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) დაემუქრა ყველა გემს, რომელიც სრუტეში გაცურვას შეეცდებოდა.

10 მარტს CNN-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ თეირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო, რის შემდეგაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ თუკი ირანმა მართლაც დაიწყო სრუტის დანაღმვა, "დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ნაღმების მოშორება". წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი თეირანს "აქამდე არნახული დონის სამხედრო პასუხით" დაემუქრა.

კომენტარები