გამოცემა Axios-ის წყაროების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ 9 მარტს ისრაელს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით ნავთობის ინფრასტრუქტურაზე, დამატებითი იერიშებისგან თავის შეკავება სთხოვა, რაც ათი დღის წინ ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო კამპანიის წამოწყების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელის მოქმედებების შეზღუდვა სცადა.
ისრაელელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს აცნობა, რომ აშშ-ს გზავნილი პოლიტიკურ დონეზე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენშტაბის უფროსს, ეიალ ზამირს გადაეცა. ხოლო მეორე მაღალჩინოსნის თქმით, "აშშ-მ ითხოვა, რომ წინასწარ შევატყობინოთ ირანში ნავთობის ობიექტებზე ნებისმიერი სამომავლო დარტყმების შესახებ."
საკითხზე ინფორმირებულმა წყარომ გამოცემას განუმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნული თხოვნის საფუძვლად სამი მიზეზი დაასახელა: 1. მსგავსი იერიშები ირანელ ხალხს აზიანებს, რომელთა დიდი უმრავლესობაც რეჟიმს ეწინააღმდეგება. 2. ტრამპს ომის შემდეგ ირანის ნავთობის სექტორთან თანამშრომლობა სურს, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში მოხდა. 3. ნავთობ სექტორზე იერიშებმა შესაძლოა, ირანის მხრიდან სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ძლიერი საპასუხო თავდასხმები მოჰყვეს.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპს მიაჩნია, რომ ირანის ენერგეტიკულ და ნავთობ ობიექტებზე იერიშები ბოლო ვარიანტად უნდა განიხილებოდეს, მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, თუკი ირანი მიზანმიმართულად პირველი დაარტყამს სპარსეთის ყურის ნავთობის ობიექტებს.
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა.





