აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

უიტკოფის თქმით, ტრამპთან რუსულმა მხარემ უარყო ირანისთვის სადაზვერვო დახმარების მიწოდება

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი
AP

აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა 10 მარტს CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთმა უარყო ცნობები ირანისთვის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით. უიტკოფმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსული მხარის სიტყვები სიმართლეს შეესაბამება.

უიტკოფის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ვლადიმირ პუტინმა უარყო აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, შემდეგ კი იგივე კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა უიტკოფთან საუბრისასაც გაიმეორა. 

"გუშინ პრეზიდენტთან საუბრისას რუსებმა თქვეს, რომ არ უზიარებდნენ." - თქვა უიტკოფმა როცა ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია, რომ რუსეთი თეირანს სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

"შეიძლება, მხოლოდ მათ სიტყვებს ვენდოთ, მაგრამ მათ ასე თქვეს და გუშინ დილით ჯარედ კუშნერსა და მე ზარი გვქონდა უშაკოვთან, რომელმაც იგივე გაიმეორა." - აღნიშნა უიტკოფმა და დაამატა, რომ "ამ კითხვის დასმა დაზვერვის ხალხისთვის უკეთესი იქნება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ არ უზიარებენ."

პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს ახლო აღმოსავლეთზეც ელაპარაკა. ტრამპის თქმით, პუტინს ამ მხრივ დახმარება სურდა, თუმცა, ამ შემოთავაზებაზე უპასუხა, რომ მას უფრო დიდი დახმარება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებით შეუძლია. 

ცნობისთვის, გასულ კვირას გამოცემა Washington Post-მა სადაზვერვო მონაცემებზე ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი ირანს დახმარებას უწევს და დასამიზნებელ მონაცემებს უზიარებს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე იერიშებისთვის.

ამ ცნობების გავრცელების შემდეგ აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს". ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთს "შეუძლიათ, ირანს იმდენი ინფორმაცია მიაწოდონ, რამდენიც უნდათ, მაგრამ ის ხალხი, ვისაც ამას უგზავნიან ირანელები, უკვე დამარცხებულები არიან". 

"რუსეთიც დამარცხებული იქნებოდა. ნებისმიერი დამარცხდებოდა. ჩვენ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა გვყავს." - დაამატა ტრამპმა. 

კომენტარები