ირანის რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის გაგრძელების პარალელურად ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი 10 მარტს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა.
"აშურას მოყვარულ ირანელ ხალხს თქვენი ქაღალდის მუქარების არ ეშინია. ირანული ერის განადგურება თქვენზე უფრო ძლიერმა ადამიანებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით - იმის შიშით, რომ თქვენც მოგკლავენ!" - დაემუქრა ლარიჯანი ტრამპს X-ზე.
ირანელი მაღალჩინოსანი გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანს ძლიერ დაარტყამდა, თუკი თეირანი ჰორმუზის სრუტეს დაკეტავდა. "თუ ირანი ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვას შეაჩერებს, მათ აშშ აქამდე მიტანილ იერიშებთან შედარებით ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
Rystad Energy-ს მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად ჰორმუზის სრუტის გავლით საშუალოდ 15 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის გადაზიდვა ხდება, რაც მსოფლიოში ნავთობის 20%-ს შეადგენს.
თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.
მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.
თუმცა, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.
გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა.





