გერმანული მედია der SPIEGEL-ი წერს, რომ იორდანიაში ალ-აზრაკის ავიაბაზაზე მდებარე გერმანული ბანაკი ირანის ბალისტიკური რაკეტის სამიზნე გახდა. შემთხვევა 9 მარტის ღამე მოხდა.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია ბაზაზე ჩამოვარდა რაკეტა თუ მისი მოგერიების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები.
იორდანიის ამ საჰაერო ბაზაზე განთავსებული არიან ამერიკის საჰაერო ძალებიც. რაკეტა, ან მისი ნარჩენები, მედიის ცნობით, ყაზარმის შენობას დაეცა.
der SPIEGEL-ის ცნობით, შემთხვევის დროს გერმანელი სამხედროები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ და არავინ დაშავებულა.
გერმანიის საჰაერო ძალები ალ-აზრაკის საჰაერო ბაზაზე რამდენიმე წელია რაც განლაგებულები არიან და მხარს უჭერენ რეგიონულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებს. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამო გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა წინასწარ უკვე შეამცირა ალ-აზრაკის ბაზაზე სამხედროების რაოდენობა.
ამჟამად გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ბაზაზე ჰყავთ ორი A400M-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ევაკუაციისთვის იქნება გამოყენებული.





