აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

Jerusalem Post: ირანი უცხოეთში ტერაქტების მოწყობაზე "შეზღუდვებს უპრეცედენტოდ ხსნის"

Sobhan Farajvan/Shutterstock

გამოცემა Jerusalem Post ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSC) ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის რეჟიმი უცხოურ ქვეყნებში ტერაქტების მოწყობასთან დაკავშირებით "შეზღუდვებს უპრეცედენტოდ ხსნის", ფრთხილ მიდგომაზე უარს ამბობს და უცხოეთში ისრაელელების წინააღმდეგ "უფილტრო" და "ბინძურ" მცდელობებს იწყებს. 

გამოცემა ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანის რეჟიმი ტერაქტების მოსაწყობად კრიმინალურ დაჯგუფებებს, დაქირავებულ ჯარისკაცებს და ჯაშუშებს მიმართავს. Jerusalem Post ასევე ხაზს უსვამს, რომ NSC-მ გაზრდილი საფრთხის ფონზე სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილებების დონე გაზარდა და ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ამ ქვეყნებში "აუცილებელი" მიზნის გარეშე არ იმოგზაუროს.

"სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილებების დონე გაზრდილია. თეირანი ახლა კრიმინალურ დაჯგუფებებს, დაქირავებულ ჯარისკაცებსა და ადგილობრივ ჯაშუშებს იყენებს. უცხოეთში მყოფი ისრაელელებისთვის რეკომენდებულია, რომ თავი აარიდონ ხაბადის სახლებს, ქაშერულ რესტორნებსა და ებრაული იდენტობის ხილული ნიშნების გამოვლენას". - წერია JP-ის Instagram პოსტზე.

JP-სთან საუბრისას მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ირანის რეჟიმი წარსულში ტერაქტებისგან "უსაფრთხო დისტანციის" შექმნას ცდილობდა და ადგილობრივ კრიმინალებსა და მესამე მხარეებს ადანაშაულებდა, თუმცა ახლა  "ომისთვის მოწადინებულია" და ფილტრის გარეშე და "ბინძურად" მოქმედებს.

"ირანის მხრიდან ვხედავთ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც თითქმის უპრეცედენტოა. არანაირი პროქსიები, არანაირი ფილტრები. სადაც მოქმედება შეუძლიათ, მოქმედებენ. იქნება ეს უტიფარი სიმტკიცით თუ "ბინძურად". ეს მიდგომის ფუნდამენტური ცვლილებაა, რადგან ფიქრობენ, რომ ახლა არაფერი აქვთ დასაკარგი, იქიდან გამომდინარე, რაც მოუვიდათ". - თქვა მაღალჩინოსანმა. 

ანონიმურმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ საფრთხე არა მხოლოდ ირანელ აგენტებში მდგომარეობს, არამედ "ძალისხმევათა ნაზავს" მოიცავს. მისივე თქმით, თეირანი ტერაქტების მოსაწყობად მიმართავს "ყველას, ვინც ხელმისაწვდომია და მუშაობისთვის მზადაა", მათ შორის, კრიმინალურ დაჯგუფებებს, დაქირავებულ ჯარისკაცებს, ავღანელებსა და აზერბაიჯანელებს.  

"ირანში ბოლო დღეებში მოკლულთა შორის ზოგიერთი უცხოეთში ტერაქტებს გეგმავდა და როდესაც მოკვდნენ, ყველა პროცესის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობა დაირღვა". - თქვა მაღალჩინოსანმა. 

გარდა ამისა, Jerusalem Post-თან საუბრისას NSC-ის მაღალჩინოსანმა ისრაელელებს, რომლებიც ახლა უცხოეთში იმყოფებიან ან მოგზაურობას გეგმავენ, სიფრთხილისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ საფრთხის შემცველ ადგილებში ხაბადის სახლებს, ქაშერულ რესტორნებს და ებრაული იდენტობის ხილულად გამოხატვას თავი აარიდონ.

"ნებისმიერ ისრაელელს, სადაც არ უნდა იყვნენ, ვურჩევ, რომ ებრაულ თემთან და ისრაელთან ასოცირებულ ადგილებს თავი აარიდონ. აქ ორმაგი სიფრთხილე გვმართებს". - თქვა მაღალჩინოსანმა. 

ცნობისთვის, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში "არააუცილებელი" მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

სააგენტომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შეფასება განაახლა და მათ უსაფრთხოების მე-3 დონე მიანიჭა.

სააგენტოს განცხადებებში წერია, რომ აშშ-ისრაელის მიმდინარე ოპერაციის ფონზე რეგიონში ირანის მხრიდან ისრაელელი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედების რისკი მაღალია.

კომენტარები