აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

მედია: ისრაელის პირველადი იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა ის მხოლოდ დაიჭრა

მოჯთაბა ხამენეი  

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების სფეროს ისრაელელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ირანზე პირველადი იერიშების დროს დაიჭრა, მაგრამ გადარჩა. 

მედიის მიხედვით, 28 თებერვალს ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა. 

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. 

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

4 მარტს ოპოზიციური ინგლისურენოვანი ირანული მედია, Iran International-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ სწორედ მოჯთაბა ხამენეი აირჩია. თუმცა, ირანის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბას არჩევა ოფიციალურად დღემდე არ დადასტურებულა. 

პარალელურად, ორი ირანელი ოფიციალური პირი The New York Times-ს უყვება, ირანმა მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელის დასახელება უსაფრთხოების მიზეზების გამო გადადო, მას შემდეგ რაც ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ახალი ლიდერი შესაძლოა მათი სამიზნე გახდეს.

გამოცემა წერს, რომ აიათოლა ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, ამ თანამდებობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გამოიკვეთა, თუმცა ორი წყაროს NYT-ს თქმით, ირანში მისი უსაფრთხოების გამო მას შემდეგ შფოთავენ, რაც მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ის შესაძლოა ირანის ახალი ლიდერი გახდეს.

მოჯთაბას კანდიდატურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ის მისაღები არ იქნებოდა, ხოლო ისრაელმა აღნიშნა, რომ მოჯთაბა შესაძლოა, მათი შემდეგი სამიზნე გახდეს.

იერიშების შედეგად ხამენეის მოკვლის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მომდევნო ლიდერის არჩევაში აშშ-ც უნდა იყოს ჩართული. ტრამპის თქმით, ცუდი იქნება, თუ ირანში ძალაუფლებას ჩაიგდებს ადამიანი, რომელიც "წინასავით ცუდი იქნება" და რამდენიმე დღის შემდეგ დაამატა, რომ  ირანთან "უპირობო დანებების გარდა არანაირი შეთანხმება არ იქნება."

"უპირობო დანებების გარდა ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება! ამისა და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) არჩევის შემდეგ, ჩვენ და ბევრი ჩვენი შესანიშნავი და ძალიან მამაცი მოკავშირე და პარტნიორი დაუღალავად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ირანი განადგურების ზღვარზე მყოფი მდგომარეობიდან დავაბრუნოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანს დიდი მომავალი ექნება" - დაწერა ტრამპმა 6 მარტს. 

კომენტარები