საბერძნეთმა მარტის დასაწყისში კრეტის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის ეჭვზე 36 წლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე დააკავა.
ბერძნული მედიის ცნობით, დაკავებული პირი წინასწარ პატიმრობაში ქვეყანაში არალეგალურად შესვლისა და დარჩენის ბრალით იმყოფება, რის პარალელურადაც საბერძნეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახური (EYP) კუნძულ კრეტაზე ეჭვმიტანილის საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებებს აგროვებს. მედიის მიხედვით, ეჭვმიტანილ კაცს ეროვნული EYP უთვალთვალებდა და ის ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს.
ცნობისთვის, კრეტის სუდის ყურეში სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს, რომელიც ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთში მდებარეობის გამო სტრატეგიული მნიშვნელობისაა ამერიკული ავიამზიდებისთვის.
გასულ თვეს აშშ-ს ავიამზიდი USS Gerald R. Ford დროებით სწორედ ამ ბაზაზე გაჩერდა, რის შემდეგაც ცურვა ისრაელის სანაპიროს მიმართულებით გააგრძელა, სადაც ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.
გამოცემა ekathimerini წერს, რომ პირველადი გამოძიება, სავარაუდოდ, ანტიტერორისტულ სამსახურს დაევალება. ამასთან, საბერძნეთის უსაფრთხოების ორგანოები უცხოურ სადაზვერვო სამსახურებსაც დაუკავშირდნენ, რათა ეჭვმიტანილის საქმიანობა და კავშირები გამოიძიონ.
ekathimerini-ს მიხედვით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეს სუდის მახლობლად სასტუმროში რჩებოდა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დაკავებულ პირს თან ამერიკული ავიამზიდის სურათები ჰქონდა. საბერძნეთის დაზვერვიდან წყარომ ასევე გამოცემას განუცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ირანთან დაკავებულის შესაძლო კავშირების შესახებაც.
წყაროების თქმით ეჭვმიტანილს ჯერჯერობით ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. ekathimerini ასევე წერს, რომ ივნისში საბერძნეთის პოლიციამ ჯაშუშობის ეჭვზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც კრეტის დასავლეთ ნაწილში მდებარე საზღვაო და საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს რამდენიმე დღის განმავლობაში სასტუმროში რჩებოდა.
ერთ დროს აშშ-ს მოკავშირე საქართველოში ირანის გავლენა გაიზარდა – ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა





