აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-ს კონგრესმა არ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანიც ირანის წინააღმდეგ ტრამპის შეზღუდვა იყო

აშშ-ს კაპიტოლიუმი
Stephanie Keith/Getty Images

5 მარტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი არ დაუჭირა ომის უფლებამოსილებების რეზოლუციას, რომლის მიზანიც ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო ნაბიჯების გადადგმის უნარის მხრივ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის შეზღუდვა იყო. 

რეზოლუციას მხარი 212-მა კონგრესმენმა დაუჭირა, 219 კი მოწინააღმდეგე იყო რაც ნიშნავს, რომ მან კენჭისყრაზე ხმათა უბრალო უმრავლესობა ვერ მოიპოვა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელ მოწინააღმდეგეთა შორის ოთხი დემოკრატი კონგრესმენიც იყო, ხოლო ირანის წინააღმდეგ ტრამპის შემზღუდავ რეზოლუციას მხარი, დემოკრატებთან ერთად, ორმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმაც დაუჭირა. 

მანამდე, 4 მარტს, მსგავსი რეზოლუცია არ მიიღო აშშ-ს სენატმაც. 

კონგრესში რეზოლუციაზე კენჭისყრა მეტწილად სიმბოლური იყო, რადგან კანონპროექტის მისაღებად როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაა საჭირო. ამის შემდეგ კი რეზოლუციის მისაღებად ტრამპის ხელმოწერაც იყო საჭირო, თუმცა, კონგრესში საკმარისი მხარდაჭერის შემთხვევაში ტრამპი, უდიდესი ალბათობით, მას ვეტოს დაადებდა, რის დასაძლევადაც კონგრესს სუპერუმრავლესობა დასჭირდებოდა. 

ამის მიუხედავად, კენჭისყრამ აჩვენა, რომ კონგრესს ამ ეტაპზე არ სურს ირანის წინააღმდეგ ტრამპის შეზღუდვა. ცნობისთვის, 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი. 

მოკლულთა შორის ასევე არიან ირანის თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური მოჰამედ პაკპური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალი შამხანი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, აბდოლრაჰიმ მუსავი.

კომენტარები