აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ლიბანის მთავრობამ ჰეზბოლას სამხედრო აქტიურობა აკრძალა

ჰეზბოლას წევრი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემასთან, 2023 წლის 21 მაისი.
ANWAR AMRO/AFP via Getty Images

2 მარტს ლიბანის მთავრობამ საკუთარ ტერიტორიაზე პროირანული ჰეზბოლას სამხედრო აქტიურობა აკრძალა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნავაფ სალამიმ გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ისრაელზე იერიშები მიიტანა, იერუსალიმმა კი საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

"ჩვენ ვაცხადებთ აკრძალვას ჰეზბოლას სამხედრო აქტიურობებზე და ვზღუდავთ მას პოლიტიკურ განზომილებამდე." - თქვა პრემიერმა სალამიმ, რომელმაც ჰეზბოლას ისრაელზე მიტანილ იერიშებს "უკანონო ქმედებები" უწოდა.

მთავრობის აკრძალვა ჰეზბოლას პოლიტიკურმა ლიდერმა დაგმო.

2008 წელს, როცა ლიბანის მთავრობამ ჰეზბოლას ტელეკომუნიკაციების ქსელის აკრძალვა სცადა, დაძაბულობა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდა. ჰეზბოლას წევრებმა მაშინ ბეირუთის ნაწილებიც კი დაიკავეს.

ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ლიბანის სამხრეთ ტერიტორიებს, ფაქტობრივად, აკონტროლებს.

ლიბანის პრეზიდენტის, ჯოზეფ აუნის თქმით, ჰეზბოლას სამხედრო აქტიურობის აკრძალვა არის "სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილება".

"გუშინ მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწვეტილება, შეინარჩუნოს ლიბანის ხელისუფლების ექსკლუზიური უფლება ომისა და მშვიდობის გადაწყვეტილებათა კონტროლზე და აკრძალოს სამართლის მიღმა არსებული სამხედრო და უსაფრთხოების აქტივობები არის სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც შეუქცევადია... მინისტრთა საბჭომ არმიასა და უსაფრთხოების ძალებს ჩააბარა ამ გადაწყვეტილების აღსრულება ლიბანის ყველა რეგიონში." - თქვა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები