აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

სტარმერი: ირანზე თავდაცვითი იერიშებისთვის UK აშშ-ს თავისი ბაზების გამოყენების ნებას დართავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი
Leon Neal/Getty Images

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი დათანხმდა აშშ-ს თხოვნას, რომ სამეფოს სამხედრო ბაზები ამერიკამ ირანის სარაკეტო ობიექტებზე "თავდაცვითი" იერიშებისთვის გამოიყენოს. 

თუმცა, სტარმერის თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ "ერაყის შეცდომებზე" გაკვეთილი ისწავლა და დაამატა, რომ ბრიტანეთი არ მონაწილეობდა ირანზე თავდაპირველ იერიშებში და არც ახლა შეუერთდებოდა "თავდასხმით მოქმედებებს."

პრემიერმა განმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი მოკავშირეების "კოლექტიური თავდაცვა" და ბრიტანელების სიცოცხლის დაცვა გახდა. 

სტარმერმა ასევე თქვა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებს ირანული დრონების მოგერიებაში ბრიტანელი და უკრაინელი ექსპერტები დაეხმარებიან. 

მანამდე კვიპროსის ადგილობრივმა მედიამ დაადასტურა ცნობები, რომ პირველი მარტის გამთენიისას კუნძულზე მდებარე ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე დრონმა იერიში მიიტანა.

Cyprus Mail-ის ცნობით, ბაზაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს აცნობეს, რომ იერიში "მცირე ზომის დრონით" მიიტანეს, რასაც "მცირე დაზიანება" მოჰყვა. სამხედრო მოსამსახურეები გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელია განმეორებითი დარტყმებიც.

დაუდასტურებელ ცნობებით, ბრიტანეთის საჰაერო ძალების ბაზაზე იერიში შაჰედ-136-ის ტიპის დრონმა მიიტანა.

 იერიშის წინა ღამეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ჯონ ჰილი ამბობდა, რომ კვიპროსის მიმართულებით ირანმა ორი რაკეტა ისროლა. თუმცა, დაამატა, რომ მათი სამიზნე, ვარაუდების მიხედვით, კვიპროსი არ ყოფილა.

კომენტარები