აშშ-ირანის დაპირისპირება

WSJ: მოლაპარაკებებზე აშშ-მ თეირანს მკაცრი მოთხოვნები წაუყენა

Alex Wong/Getty Images/AFP & ირანის უზენაესი ლიდერი via AP

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ დასრულდა. თავის მხრივ, თეირანის სამთავრობო მედია წერს, რომ არაპირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები დროებით დაპაუზდა და დაამატა, რომ შეხვედრა მოგვიანებით გაგრძელდება. 

პარალელურად, გამოცემა Wall Street Journal წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე ხამენეის რეჟიმს "მკაცრი მოთხოვნები' წაუყენეს იმ ფონზე, როცა ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესში რესპუბლიკელი "ქორებისგან" წნეხის ქვეშაა, რათა თეთრი სახლი არ დათანხმდეს ისეთ შეთანხმებას, რომელიც კრიტიკოსების მხრიდან სუსტად შეფასდება.

აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, არსებული მოლოდინით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს ირანისთვის უნდა მოეთხოვა, რომ სამივე ბირთვული ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაანი - უნდა დაიშალოს და რეჟიმის ხელთ დარჩენილი ყოველგვარი გამდიდრებული ურანი აშშ-ს უნდა გადაეცეს. 

ამასთან, წყაროების მიხედვით, აშშ-ს დელეგაციის კიდევ ერთ მოთხოვნას უნდა წარმოადგენდეს, რომ ნებისმიერი ბირთვული შეთანხმება სამუდამო უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს ვადა. ცნობისთვის, ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღწეული 2015 წლის ბირთვული შეთანხმება (JCPOA), რომელსაც რესპუბლიკელები ზედმეტად სუსტ დოკუმენტად თვლიდნენ და რომელი შეთანხმებიდანაც ტრამპმა აშშ პირველი ვადის დროს გამოიყვანა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ირანზე შეზღუდვების მოხსნას გულისხმობდა. 

აშშ-ირანის მორიგ შეხვედრამდე პრეზიდენტმა ტრამპმა ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის განვითარებას. ამავდროულად, ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსის თქმით, თეთრ სახლს აქვს მტკიცებულებები, რომელიც მიანიშნებს, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ თეირანმა ბირთვული პროგრამის აღდგენა ხელახლა სცადა.

მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანს "ერთი კვირა აშორებს სამრეწველო დონის ბომბის დასამზადებელი მასალის მიღებისგან".

ჟენევაში თეირანისა და ვაშინგტონის დელეგაციებს შორის შეხვედრამდე ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა გამოცემა Axios-ს განუცხადეს, რომ ეს დიპლომატიური ძალისხმევა, დიდი ალბათობით, ბოლო შანსია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი თეირანს მისცემს, სანამ აშშ ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

ამას გარდა, გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე თეირანის მიზანი ტრამპისთვის ფინანსური სტიმულების, მათ შორის, ირანის ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვებში ინვესტიციის ჩადების წინადადებების შეთავაზებას მოიცავს, რათა აშშ-ს პრეზიდენტი ბირთვულ შეთანხმებაზე დაითანხმონ და ომი თავიდან აირიდონ.

ამავდროულად, ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო მობილიზაციას განაგრძობს. გავრცელებული ცნობებით, მეორე ამერიკულმა ავიამზიდმა, USS Gerald R. Ford-მა კრეტა უკვე დატოვა და მალე ისრაელს მიუახლოვდება.

ხოლო სამხედრო საჰაერო მიმოსვლის ალიანსის (MATA) მიხედვით, რომელიც ღია წყაროების დაზვერვის (OSINT) დაახლოებით 30-მდე ანალიტიკოსისგან შედგება, ბოლო პერიოდში აშშ-მ რეგიონში ათეულობით ავიაგამანადგურებელი, მათ შორის, F-35-ები, F-22-ები, F-16-ები და F-15-ები გაგზავნა. ახლო აღმოსავლეთში ასევე ჩაფრინდა 85-ზე მეტი ტანკერი და 170-ზე მეტი სატვირთო თვითმფრინავიც. ამასთან, რეგიონში სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში, აშშ-მ თერთმეტი F-22-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი ისრაელის ავიაბაზაზე გაგზავნა.

კომენტარები