რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ორბანის წერილი ზელენსკის - დრუჟბას მილსადენი, ომი, არჩევნები და "ანტი-უნგრული" პოლიტიკა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
© AFP via Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს, სადაც ირწმუნება, რომ უკრაინა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში “უნგრეთის ომში ჩართვას" ცდილობს და “დრუჟბას” მილსადენის მუშაობის შეფერხებას “ანტი-უნგრულ პოლიტიკას” უწოდებს.

ორბანის თქმით, ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით უნგრელი ხალხის პოზიცია “ვერ მიიღო.” მისივე მტკიცებით, უკრაინა ბრიუსელის და უნგრული ოპოზიციის მხარდაჭერით ცდილობდა “უნგრეთის ომში ჩართვას.”

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ზელენსკი “კოორდინირებულად მუშაობს” ბრიუსელთან და უნგრეთის ოპოზიციასთან, რათა ხელისუფლებაში “პროუკრაინელი” მთავრობა მოვიდეს.

ასევე, ორბანი უკრაინის პრეზიდენტს “დრუჟბას” მილსადენის დაბლოკვას აბრალებს, რომელიც მისივე თქმით, “კრიტიკულად მნიშვნელოვანია” უნგრეთის ენერგომომარაგებისთვის.

ორბანმა განაცხადა, რომ ზელენსკის “ქმედებები” ეწინააღმდეგება “უნგრეთის ინტერესებს.” 

მან აღნიშნა, რომ უნგრეთი “არ არის პასუხისმგებელი” უკრაინის მდგომარეობაზე და რომ მათ არ სურთ “ომის დაფინანსება” და ენერგომომარაგებაზე “მეტის გადახდა.”

ორბანი ზელენსკის მოუწოდებს, დაუყოვნებლის გახსნას “დრუჟბას” მილსადენი და “თავი შეიკავოს” უნგრეთის ენერგოუსაფრთხოებაზე შემდგომი “თავდასხმისგან.”

ცნობისთვის, 27 იანვარს უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული დრონის შეტევის შედეგად, "დრუჟბას" მილსადენის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც ნავთობის მიწოდება შეწყდა. ეს მილსადენი სლოვაკეთსა და უნგრეთს უკრაინის გავლით რუსული ნედლი ნავთობით ამარაგებდა.

უნგრეთი და სლოვაკეთი უკრაინას ადანაშაულებენ მიწოდების განახლების პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.

უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს უკრაინისთვის დიზელის ექსპორტის შეჩერების შესახებ და ასევე იმუქრებიან ელექტროენერგიისა და გაზის ექსპორტის შეწყვეტით.

ასევე, უნგრეთმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის შეთანხმებული €90 მილიარდის სასესხო პაკეტი დაბლოკა.
 

კომენტარები