აშშ-ირანის დაპირისპირება

NYT: ტრამპი პირველ ეტაპზე ირანზე შეზღუდულ დარტყმას, შემდეგ კი მასშტაბურ იერიშს განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის დამხმარეებს განუცხადა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ირანის წინააღმდეგ უფრო მასშტაბურ თავდასხმას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიის ან ირანზე შეზღუდული სახის იერიშების შედეგად ხამენეის რეჟიმი არ დათანხმდება აშშ-ს მოთხოვნას ბირთვული პროგრამის შეწყვეტის შესახებ. 

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვა ჟენევაში ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი, რაც, Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ს მხრიდან დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში ბოლო შანსია, რომელსაც ტრამპი თეირანს მისცემს, სანამ აშშ ხამენეის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.

NYT-ის წყაროების თქმით, ჯერჯერობით ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, ის ემხრობოდა მომდევნო დღეებში ირანში პირველ ეტაპზე შეზღუდული სახის იერიშის მიტანას, რათა ხამენეის რეჟიმისთვის ეჩვენებინა, რომ ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის თქმისთვის მზად უნდა იყვნენ. 

გამოცემის მიხედვით, პირველადი იერიშის სამიზნეებად, მათ შორის, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შტაბ-ბინა, ირანის ბირთვული ობიექტები და რეჟიმის ბალისტიკური რაკეტების პროგრამა განიხილება. ხოლო თუკი ამ იერიშის შედეგად თეირანი კვლავ არ დათანხმდება მის მოთხოვნებს, ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ მომდევნო თვეებში უფრო მასშტაბური სამხედრო იერიშის ვარიანტს განიხილავს, რომლის მიზანიც ხამენეის რეჟიმის დამხობა იქნება. 

კომენტარები