საქართველოს საპატრიარქო

ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება - ილია II

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი დიდმარხვის დაწყების წინ მიმართვას ავრცელებს

"დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა...

ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი დროის მონაკვეთი, რომელსაც ვნების შვიდეულიც ემატება.

ამ მარხვის დაცვა აუცილებელია ყველასთვის, ვინც თავს მართლმორწმუნედ მიიჩნევს (არ ვგულისხმობ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონეთ), რათა, ძალისამებრ ჩვენისა, ღირსეულად შევხვდეთ მაცხოვრის აღდგომის დიდებულ დღეს.

დაივიწყეთ ურთიერთწყენა, შეურიგდით მოშუღართ, ნუ უპასუხებთ ავისმთქმელთ, გააძლიერეთ ლოცვა, მუდმივად თქვით იესოს და ღვთისმშობლის ლოცვა ("მოწყალებისა კარი განგვიღე") ასევე 50-ე ფსალმუნი; ყოველკვირეულად აღსარებითა და ზიარებით განმტკიცდით და სიყვარულით, სიმშვიდითა და სიკეთით შეიმოსეთ.

ღმერთმა დალოცოს თითოეული თქვენგანი, შეგინდოთ შეცოდებანი თქვენნი და მოგცეთ ძალა, ღვთის ერთგულ ძეებად და ასულებად იწოდებოდეთ.

ჩემო სულიერო შვილებო, გთხოვთ, შემინდოთ მეც შეცოდებანნი ჩემი და უძლურება.

მუდამ თქვენთვის მლოცველი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი." - წერია მიმართვაში.


"საზოგადოებისთვის თვალხილული და ცნობილია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი ძალები შესაძლებელს ხდის, ეკლესია მართოს ნიუანსურად, ან შემოგვთავაზოს კომპლექსური სოციო-პოლიტიკური მიმოხილვა.

ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომლის მოწვევის ვალდებულებასაც ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება წელიწადში მინიმუმ ორჯერ ავალებს ამავე სინოდის თავმჯდომარეს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქ ილიას, დიდი ხანია არ მოწვეულა. გონივრული ვარაუდით, სწორედ იმიტომ, რომ კათალიკოზი ვერ ახერხებს სხდომის გაძღოლას.

ასევე, ცნობილი და საპატრიარქოს მიერვე დადასტურებულია, რომ კვლავ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქართველოს საპატრიარქოს ერთმა ფრთამ (შორენა თეთრუაშვილი) დაამონტაჟა ილია მეორის საახალწლო მილოცვა, რასაც მეორე ფრთის (შიო მუჯირი) კრიტიკა მოჰყვა. პატრიარქის ახალ ვიდეოს წინა წლის აუდიო გადაადეს, რაც გონივრული ვარაუდით მოხდა სწორედ იმის გამო, რომ მისი უწმიდესობა ვერ ახერხებს სათანადო ვერბალიზებას.

ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, ტაბულა მკითხველის უკეთ ინფორმირების მიზნით, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებებს, რომელიც არ არის წარმოთქმული უშუალოდ კათალიკოზ ილიას მიერ (და არ არის დამონტაჟებული) განიხილავს როგორც საპატრიარქოს ერთი ან ორი ფრთის კერძო მოსაზრებად, იმის მიხედვით, ვრცელდება ის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე თუ ორივეზე". - ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე.

კომენტარები