რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრეფიკინგის ქსელმა 1 000-ზე მეტი კენიელი რუსეთის მხარეს საომრად წაიყვანა – კენიის დაზვერვა

კენიის მოქალაქე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაიღუპა

კენიის სადაზვერვო სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედმა ტრეფიკინგის ქსელმა 1000-ზე მეტი კენიელი უკრაინაში რუსეთის მხარეს საომრად მოტყუებით წაიყვანა.

ანგარიში, რომელიც ოთხშაბათს კენიის პარლამენტს ქვეყნის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა წარუდგინა, ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით, სულ მცირე, 89 კენიელი რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა.

სადაზვერვო სამსახურის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის მხარეს სულ მცირე ერთი კენიელი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე სხვა სამშობლოში დაჭრილი ან ტრავმირებული დაბრუნდა.

ანგარიშის პარლამენტარებისთვის წარდგენისას, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა კიმანი იჩუნგვაჰმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების მოხელეების გარკვეული ჯგუფი ტრეფიკინგის ქსელებთან თანამშრომლობდნენ და კენიელებს რუსეთ–უკრაინის ომში მოტყუებით აგზავნიდნენ.

სადაზვერვო სამსახურმა აღწერა, თუ როგორ თანამშრომლობდნენ რეკრუტირების სააგენტოები კენიის აეროპორტის თანამშრომლებთან, იმიგრაციის ოფიცრებთან, სისხლის სამართლის გამოძიების დირექტორატის თანამშრომლებთან, ანტინარკოტიკული დანაყოფის ოფიცრებთან და დასაქმების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან, რათა რეკრუტების რუსეთში გამგზავრება გაემარტივებინათ.

იჩუნგვაჰმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის წევრები ნაირობიში რუსეთის საელჩოსა და მოსკოვში კენიის საელჩოს თანამშრომლებთან თანამშრომლობდნენ, რათა რეკრუტებს რუსული ვიზების მიღებაში დახმარებოდნენ.

სადაზერვო ანგარიშის თანახმად, კენიელებს სხვადასხვა არასაბრძოლო საქმიანობის სანაცვლოდ თვეში 2 400 დოლარამდე ანაზღაურებას და 6 200-8 300 დოლარის ფარგლებში ბონუსის შესაძლებლობას ჰპირდებიან. თუმცა, რუსეთში ჩასვლის შემდეგ, მრავალი მათგანი მინიმალური სამხედრო მომზადებით ფრონტის ხაზზე საბრძოლო როლებში აღმოჩნდა.

"ეუბნებიან, რომ მიდიხარ დაცვის სამსახურში სამუშაოდ... მაგრამ იქ ჩასვლისას სამხედრო ბანაკებში გადაჰყავთ. მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში გადიხარ მომზადებას. ფაქტობრივად, უბრალოდ გაძლევენ იარაღს და სასიკვდილოდ გიშვებენ" - განაცხადა იჩუნგვაჰმა.

ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, ნაირობიში რუსეთის საელჩომ ბრალდებებს "საშიში და შეცდომაში შემყვანი" უწოდა და განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები "უკანონო საქმიანობაში"ა რასოდეს ყოფილან ჩართულნი.

კომენტარები