The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი ბლოკავს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თხოვნას, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკულმა თვითმფრინავებმა ბრიტანული ბაზებიც გამოიყენონ.
გამოცემის მიხედვით, სტარმერი თვლის, რომ მსგავსი მოთხოვნის დაკმაყოფილება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება.
The Times-ის ინფორმაციით, სტარმერმა ტრამპს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ დაუშვებს ბრიტანული ობიექტების გამოყენებას დიეგო გარსიასა და გლოსტერშირში, სამეფო საჰაერო ძალების ფერფორდში.
გამოცემა იუწყება, რომ სწორედ ამიტომ აღარ უცხადებს ტრამპი მხარდაჭერას სტარმერის შეთანხმებას, რომელიც ჩაგოსის კუნძულებს მავრიკიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში ტრამპმა დაწერა, რომ “თუ ირანი გადაწყვეტს, რომ შეთანხმება არ გააფორმოს, შესაძლოა აშშ-ს მიერ დიეგო გარსიისა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება აუცილებელი გახდეს.” მან ასევე აღნიშნა, რომ ირანი იერიში შეიძლება გაერთიანებულ სამეფოზეც მიიტანოს.
“თუ ირანი გადაწყვეტს, რომ შეთანხმება არ გააფორმოს, შესაძლოა აშშ-ს მიერ დიეგო გარსიისა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება აუცილებელი გახდეს, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო თავდასხმა უკიდურესად არასტაბილური და საშიში [ირანის] რეჟიმის მხრიდან - იერიში, რომელიც შესაძლოა როგორც გაერთიანებულ სამეფოზე, ისე სხვა მეგობარ ქვეყნებზე მიიტანონ,” - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
The Times-ის სამთავრობო წყაროების ცნობით, ნაკლებსავარაუდოა, რომ დიდმა ბრიტანეთმა პრევენციულ სამხედრო დარტყმას მხარი დაუჭიროს, მას შემდეგ, რაც გასულ ზაფხულს აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაში მონაწილეობაზე ანალოგიური უარი განაცხადა.
გამოცემის მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ “აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, რასაც დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს. ირანმა არასდროს არ უნდა შეძლოს ბირთვული იარაღის წარმოება და ჩვენი პრიორიტეტი რეგიონში უსაფრთხოებაა.”
The Times წერს, რომ მას შემდეგ, რაც გამოცემამ მთავრობის წარმომადგენლებს ბრიტანული ბაზების აშშ-ს მიერ გამოყენებაზე ჰკითხა, მათ შემდეგი პასუხი მიიღეს: “ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ოპერაციულ საკითხებზე.”
გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი თვლის რომ აშშ-სთვის ბაზების გამოყენების ნებართვის მიცემა “საერთაშორისო სამართლის დარღვევა” იქნება.
ბრიტანეთის ბაზები აშშ-მ ბოლოს Bella 1-ის სახელით რეგისტრირებული ტანკერის ჩამორთმევის მიზნით ჩატარებული სამხედრო ოპერაციისთვის გამოიყენა. სამხედრო ოპერაცია დიდი ბრიტანეთის სრული მხარდაჭერით ჩატარდა.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის სამხედრო იერიშის მიტანას განიხილავს, რათა ხამენეის რეჟიმს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს პირობებზე დათანხმება აიძულოს.
WSJ წერს, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად, რასაც შესაძლოა ირანის მხრიდან, სერიოზული საპასუხო ქმედებები მოჰყვეს, თეთრი სახლი პირველ ეტაპზე მხოლოდ ლიმიტირებულ თავდასხმას განიხილავს, რათა თეირანზე წნეხი გაიზარდოს.
ტრამპმა 19 თებერვალს განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მომდევნო 10 დღის განმავლობაში მიიღებს, მოგვიანებით კი რეპორტიორებს უთხრა, რომ მაქსიმალური ვადა ორი კვირაა. "ამა თუ იმ გზით შეთანხმებას მივაღწევთ," აღნიშნა მან.





