მოსკოვის მექანიზმი

ლევან იოსელიანი „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს შეხვდა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოადგილესთან ერთად ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს, პატრიცია გრჟებიკს შეხვდა. 

"შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა.

ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები. ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც ის თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს". - წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი 29 იანვარს აამოქმედა.

მექანიზმის გააქტიურების მოთხოვნას შემდეგი ქვეყნები შეუერთდნენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

კომენტარები