პროკურორი როინ ხინთიბიძის თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე არაერთმა ბრალდებულმა პროკურატურას განცხადებით მიმართა საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"იმისთვის, რომ კონკრეტულ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს, სახეზე უნდა გვქონდეს მათი მხრიდან აღიარება, ასევე განცხადებითაც უნდა მოგვმართონ და შემდეგში, განვიხილავთ საპროცესო შეთანხმების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა განცხადებით საპროცესო შეთანხმების თაობაზე და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვართ, ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და თუკი, ყველანი შევთანხმდებით პირობებზე, რა თქმა უნდა, გაფორმდება საპროცესო შეთანხმება. არაერთმა ბრალდებულმა მოგვმართა, კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ დავასახელებ.
მოლაპარაკებების პროცესი ჩვენსა და დაცვის მხარეს შორის კონფიდენციალურია, თუმცა, ვადასტურებ, რომ კონკრეტულმა ბრალდებულებმა და ადვოკატებმა მოგვმართეს საპროცესო შეთანხმების თაობაზე და ჩვენს შორის საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო, თუმცა, კონკრეტულ პირობებზე ამ ეტაპზე შეთანხმებული არ ვართ". - თქვა ხინთიბიძემ ინტერპრესნიუსის ცნობით.
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს". ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება". მოქალაქეთა ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში ჯებირები მოარღვია, გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა. გვიან ღამით 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა. გარდა ამისა, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის, უცხოეთში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. ასევე, სუს-ის მტკიცებით, ამოიღეს საბრძოლო მასალა, რომელიც "4 ოქტომბერს უნდა გამოყენებულიყო".
უკვე დეკემბერში, 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. იქამდე, ახალაია და მისი ცოლი სუს-ში გამოკითხეს "ტყეში ამოთხრილ იარაღთან" და ბურჭულაძე-ახალაიას სახელით გავრცელებულ დაუდასტურებელ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით. როგორც თავად ახალაიამ თქვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, "ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული".





