4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, შვიდი მათგანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
საქმის პროკურორის, როინ ხინთიბიძის თქმით, ამ ადამიანებმა დანაშაული აღიარეს და საპროცესოს გაფორმებაზე ბრალდების მხარეს თავად მიმართეს.
ცნობისთვის, ერთ-ერთ ბრალდებულს, ევა შაშიაშვილს 2025 წლის 31 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა და საპატიმრო დატოვა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს, ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. ბრალდება ასევე წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
გარდა ამისა, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება კიდევ 13 პირს გაუფორმდება.
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება
ასევე, ცნობილი გახდა, რომ საპროცესო უფორმდება ამავე საქმეზე დაკავებულ აქტივისტ ვახო ფიცხელაურსაც.
2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს".
ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება".
მოქალაქეთა ნაწილმა ორბელიანების სასახლის ეზოში ჯებირები მოარღვია - გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.





