საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] განცხადებით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინეს.
ორგანიზაციის ცნობით ინფორმაცია მოიცავს შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, წამების აკრძალვის, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს სისტემის გამოწვევებისა და რეპრესიული კანონშემოქმედების შემთხვევებს.
საერთო ჯამში საიამ წარადგინა 7 თემატური ანგარიში და შესაბამისი წყაროები.
"2025 წლის 29 იანვარს ეუთოს 23-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოსთან მიმართებით ადამიანური განზომილების მექანიზმი („მოსკოვის მექანიზმი“) აამოქმედა. აღნიშნული პროცესი გულისხმობს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ ფაქტების დამდგენი მისიის ჩატარებას, რომელიც შეისწავლის საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას, კონკრეტულად, 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს და მოამზადებს შესაბამის ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომელსაც ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს წარუდგენს. საქართველოსთან დაკავშირებით მოსკოვის მექანიზმის გააქტიურება მიუთითებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეზე და მასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებაზე.
აღსანიშნავია, რომ ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო დარღვევებთან დაკავშირებით 2024 წლის დეკემბერში ასევე აამოქმედა ვენის მექანიზმი, რომელიც, როგორც წესი, წინ უძღვის მოსკოვის მექანიზმს და ეუთოს წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს, შეკითხვები დაუსვან სხვა წევრ სახელმწოფოს. საქართველოსთვის დასმული შეკითხვები ეხებოდა აქციებთან დაკავშირებული უფლებების დარღვევების გამოძიების ეფექტიანობას და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად გადადგმულ ნაბიჯებს.
საიამ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში წარადგინა ინფორმაცია საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების, წამების აკრძალვის, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სასამართლოს სისტემის გამოწვევებისა და რეპრესიული კანონშემოქმედების შესახებ. საერთო ჯამში საიამ წარადგინა 7 თემატური ანგარიში და შესაბამისი წყაროები.
მოსკოვის მექანიზმისთვის წარდგენილი ინფორმაცია მიმოიხილავს როგორც 2024 წლის გაზაფხულის აქციების ძალადობრივ დარბევას, არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსა და უსაფუძვლო დაკავებებს, ასევე 2024 წლის ნოემბრის შემდგომ გამოვლენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას, დაუსჯელობის კულტურასა და არაეფექტიან გამოძიებებს. კომუნიკაცია ასევე ყურადღებას ამახვილებს წყლის ჭავლში ქიმიური საშუალებების შერევის არაპროპორციულ და საფრთხისშემცველ პრაქტიკაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე.
კომუნიკაცია დამატებით აანალიზებს 2024 წლის შემდგომ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობას, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მედიის რეგულირების გამკაცრებას, კრიმინალიზაციის მიზნით ახალი სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული რეგულირებების შემოღებას, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
კომუნიკაციაში ასევე გაანალიზებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებები და მათი დამანგრეველი გავლენა გაერთიანების თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე. ხაზგასმულია, რომ ამჟამად ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს სამოქალაქო აქტივობის ფაქტობრივ კრიმინალიზებას და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობისაკენ არის მიმართული.
საიას მიერ წადგენილი ინფორმაცია მოიცავს შვიდ მცირე თემატურ დოკუმენტს, რომლებიც ეფუძნება ორგანიზაციის კვლევებსა და შეფასებებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს და საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. თითოეული დოკუმენტი შეიცავს საიას მიერ გამოქვეყნებული რელევანტური პუბლიკაციების ჩამონათვალს". - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
საია-ს მიერ წარდგენილი დოკუმენტები იხილეთ ბმულზე.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის შესასწავლად მოსკოვის მექანიზმი 29 იანვარს აამოქმედა.
მექანიზმის გააქტიურების მოთხოვნას შემდეგი ქვეყნები შეუერთდნენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.





