აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდისა და მისი მოერიშე ჯგუფის გაგზავნას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდება. მოვლენები თუ ამ სცენარით განვითარდა ტრამპმა არ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყება.
ამერიკის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში გაიმართება.
"ჩვენ გვყავს არმადა, რომელიც იქ [ახლო აღმოსავლეთში] მიემართება და ასევე გვყავს მეორე, რომელიც შესაძლოა გავგზავნოთ.
16 იანვარს Fox News სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რეგიონში, სულ მცირე, ერთ ავიამზიდს გზავნის.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი ავიამზიდი გაიგზავნა ახლო აღმოსავლეთში - USS Abraham Lincoln, რომელიც ამჟამად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ოპერირებს, თუ ორიდან ერთ-ერთი ავიამზიდი, რომლებმაც 2 კვირის წინ ნორფოლკი და სან დიეგო დატოვეს.
ერთ-ერთმა წყარომ Fox News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ტრამპი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გადაწყვეტს, "ეს განსხვავებული, უფრო თავდასხმითი" იქნება.
ამასთან, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა Fox News-ს დაუდასტურეს, რომ ამჟამად რეგიონში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ქვეშ 30 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში ავიამზიდები ან ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი არ ოპერირებენ.





