კობახიძის განათლების რეფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თსუ აღარ გაერთიანდება - კობახიძე

ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.

კობახიძის თქმით, "ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის" პრინციპით სტუ "გარდაიქმნება წმინდად ტექნიკურ უნივერსიტეტად", ხოლო ის პროგრამები, რაც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, "მილევად" რეჟიმში გადავლენ.

"შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

გარდა ამისა, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად, სტუ გარდაიქმნება წმინდად ტექნიკურ უნივერსიტეტად - ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომავალი წლიდან ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე სტუ-ში ისწავლებოდა და შესაბამის პროგრამაში შედიოდა.

ასევე, მოგახსენებთ, რომ სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის, აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომელიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.

შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მილევად რეჟიმში". - თქვა კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე.

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნება "სპეციალური სამუშაო ჯგუფი", რომლის მიზანიც "მილევად რეჟიმში" გადასული პროგრამების ეფექტურად განსაზღვრას და "ხარისხის ამაღლებას" უზრუნველყოფს.

"იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, ხვალიდან მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის წარმომადგენელები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება, სწორედ ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციით განსაზღვრული, რაც კონკრეტულად ხარისხის ამაღლებას...

[...] აქვე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას - სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენ ვნახავთ რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებით დაგვჭირდება ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღბა, გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ, თითოეული ადამიანი, რომელიც დასაქმებულია". - თქვა მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე
 

კომენტარები