თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა ივანიშვილის განათლების მინისტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მიქანაძის თქმით, ახლა მხოლოდ გაერთიანების პროცესზე მსჯელობა შეიძლება.
"უკლებლივ ყველა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებას, მაგრამ სამინისტრო შეუვალია, მინისტრი შეუვალია და ამბობს, რომ მხოლოდ შეგვიძლია ვიმსჯელოთ გაერთიანების პროცესი როგორ გახდეს მაქსიმალურად უმტკივნეულო". - თქვა კაჭკაჭიშვილმა.
კაჭკაჭიშვილის თქმით, თსუ-ს და სტუ-ს ლექტორებმა მიქანაძეს მრავალი არგუმენტით აუხსნეს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აკადემიური შინაარსი არ გააჩნია, თუმცა, პასუხად მიიღეს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
"პროფესორები ეუბნებიან, რომ ამ გაერთიანებას არავითარი რაციონალი არ აქვს, არავითარი საზრისი, ისეთი, რომელიც ამ გაერთიანებას რაიმე სინერგიას შესძენს და ახალ პოზიტიურ გამოცდილებას მოიტანს. ეუბნებიან, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი და მისი ასე ხელყოფა არის შეუძლებელი. ეუბნებიან, რომ ლოჯისტიკურად ამ პროგრამების გაერთიანება ძალიან რთულია. მე ვუთხარი, რომ ეს გადაწყვეტილება არის აკადემიურ სივრცეზე ტოტალური კონტროლის დამყარების ერთ-ერთი და არა ერთადერთი რგოლი და შევეცადე, ეს დამესაბუთებინა. მოკლედ, უამრავი არგუმენტი იყო საწინააღმდეგო, მაგრამ მინისტრის არგუმენტი არის ერთადერთი, რომ ეს გაერთიანება გააუმჯობესებს სწავლების და კვლევის ხარიხს. თუმცა, როგორ გააუმჯობესებს ამაზე არაფერი უთქვამს". - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
ცნობისთვის, განათლების სამინისტროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების და გივი მიქანაძის შეხვედრა კვლავ გრძელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება - ამის შესახებ ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამართულ ბრიფინგზე 29 იავარს განაცხადა.
მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება "რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს".





