ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ლევან მაჭავარიანისა და არჩილ გორდუალძის ინიციატივას, მთავრობის არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებაზე იწონებს და ამბობს, რომ "იმედი აქვს პარლამენტი კანონპროექტს ბოლომდე მიიყვანს".
კობახიძე ინიციატივაზე გამოთქმული კრიტიკის პასუხად ამბობს, რომ კანონპროექტში ზღვარი დაცული უნდა იყოს და მას სამართლებრივი შეფასება სჭირდება, თუმცა მისი სამართლებირვი შეფასებით, კანონპროექტში ეს ზღვარი დაცულია, რადგან "ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე".
"ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამომავალი წერტილი. ყველამ უნდა აღიაროს კონსტიტუციური პრინციპები და კონსტიტუციური წყობილება და თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ.
შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და იმედი მაქვს, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტს.
რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, ზღვარი არის აქ სათანადოდ დაცული. ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი, ბუნებრივია, ქვეყანა მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად იქნება საბოტაჟის რეჟიმში, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული.
თან ყველა ვხედავთ, რომ რეალურად ამ კონსტიტუციურ სისტემას, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, იმისათვის, რომ სცადონ ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენ საზოგადოებას აქვს საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა და ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, კონსტიტუციურ წესრიგს". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დუბაიში.
3 თებერვალს ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ინიციატივით გამოვიდა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც "არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ", "ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება" და ა.შ. და ამ ქმედებებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.
ინიციატივით მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის კიდევ ერთ დეპუტატს, არჩილ გორდულაძეს გრანტების რუსული კანონის I მოსმენით განხილვის დროს მიმართა.





