ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ინიციატივით გამოდის, რომ პასუხისმგებლობა დაწესდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც "არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ", "ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება" და ა.შ. და ამ ქმედებებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.
ინიციატივით მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის კიდევ ერთ დეპუტატს, არჩილ გორდულაძეს გრანტების რუსული კანონის I მოსმენით განხილვის დროს მიმართა.
"ბატონო არჩილ, რადგან I მოსმენა გვაქვს, ასეთი აზრი დამებადა და იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ. 2025 წელს, გერმანიაში, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს და იქ რა არგუმენტებიც იყო ჩამოთვლილი, სხვათა შორის, საქართველოში ვიღაც-ვიღაცებს მაგონებს. თან ახლა გერმანია დემოკრატიული ქვეყანაა, ხომ? მიზეზები არის, რომ:
- პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებს;
- პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს ქმნის;
- ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ბოიკოტს უცხადებს;
- პოლიციას მუშაობაში ხელს უშლის;
- ამტკიცებს, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება
- და ანალოგიური ქმედებებისკენ სხვებსაც მოუწოდებს
ეს იყო მიზეზები, რის გამოც გერმანიაში ეს პოლიტიკური მოძრაობა აიკრძალა. ჩვენც ხომ არ ვიფიქროთ რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც ანალოგიურ ქმედებებს სჩადიან. თან გერმანია კარგი მაგალითია, შეგვიძლია პრაქტიკა პირდაპირ გადმოვიღოთ". - თქვა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანს იდეა მოუწონა და დაეთანხმა არჩილ გორდულაძე.
"მაგალითად, თუ გერმანიაში შესაძლებელია, რომ ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, მიზანმიმართულად არ ცნობენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ; თავად არ ემორჩილებიან და სხვასაც საჯაროდ მოუწოდებენ, რომ არ დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას; თუ უარყოფენ, რომ საქართველოში არსებობს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და პირდაპირ უწოდებენ, რომ ის არის მართული ვთქვათ რომელიმე სხვა ქვეყნისგან. თუ გერმანიაში შესაძლებელია, რომ ეს პასუხისმგებლობის დამდგენი იყოს, რატომაც არა - დიახ, შესაძლებელია, რომ გავითვალისწინოთ და აღნიშნული შემთხვევევები ჩვენს კანონმდებლობაშიც პასუხისმგებლობის გამომწვევი იყოს. მე შემიძლია, ამ საკითხზე დაგეთანხმოთ და თუ პარლამენტიც ამ დათქმით უყრის კენჭს კანონპროექტს და თანახმა იქნება, II მოსმენის ფარგლებში უკვე კონკრეტულ ფორმულირებას, კონკრეტული კანონპროექტის სახით, წარმოვადგენ.
მიმაჩნია, რომ სწორი და მართებულია, როცა პირები საჯაროდ მოუწოდებენ სხვებს, რომ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაცია არ სცნონ; სხვებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობას არ დაემორჩილონ - ამ შემთხვევაში რომ პასუხისმგებლობა დაწესდეს, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი, უზრუნველყოფს ლეგიტიმურ მიზანს, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებას ეხება და შესაძლებელია, ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყოს". - თქვა გორდულაძემ.
ივანიშვილის დეპუტატები ამ ინიციატივას გერმანიის "მაგალითით" ხსნიან.
ცნობისთვის, 2025 წლის მაისში გერმანიაში აიკრძალა ექსტრემისტული მოძრაობა რაიხსბიურგერის ქვეორგანიზაცია Königreich Deutschland (გერმანიის სამეფო), ამავე პერიოდში დააკავეს მისი დამაარსებელი, პეტერ ფიტცეკი, რომელიც საკუთარ თავს "გერმანიის სამეფოს" მეფედ მოიხსენიებდა.
რაიხსბიურგერთა მოძრაობა ანტიკონსტიტუციური რევიზიონისტური ჯგუფების გაერთიანებაა, რომელიც გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას უარყოფს და აცხადებს, რომ მას გერმანიის რაიხი სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის პრინციპით არ შეუცვლია. ამის ნაცვლად, ისინი თვლიან, რომ გერმანიის რაიხი მეორე მსოფლიო ომამდე ან პირველ მსოფლიო ომამდელ საზღვრებში არსებობას აგრძელებს და მისი ლეგიტიმური მთავრობა რაიხსბიურგერის ქოლგის ქვეშ არსებული ორგანიზაციაა. Königreich Deutschland-ის გაცხადებული მიზანია გერმანიის ამჟამინდელი სამართლებრივი სისტემის გაუქმება და მისი საკუთარი სისტემით ჩანაცვლება, რომელშიც დემოკრატიულ პრინციპებსა და კანონებს ძალა არ ექნება.
მედიის ცნობით, ორგანიზაცია 6 000-მდე წევრს აერთიანებდა და მათ დაბეჭდილი აქვთ საკუთარი პასპორტები, მართვის მოწმობები, ასევე აქვთ საკუთარი ვალუტა, ბანკი და სოციალური სერვისები. ამასთან, ფიტცეკი აცხადებდა, რომ "გერმანიის სამეფოში" კომპანიებს არ უწევდათ გადასახადების გადახდა და დეკლარაციების შევსება, რაც შეცდომაში შემყვანი განცხადება იყო, რადგან Königreich Deutschland-ში გაერთინება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადასახადების არიდებას ცხადია არ იწვევდა. 2023 წელს გერმანიაში გამოჩნდა არაერთი უკანონო კომპანია, რომლებიც საკუთარ თავს Königreich Deutschland-ში მყოფ კომპანიებს უწოდებდნენ და გადასახადებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ. ამავე წელს, შენობები ჩამოართვეს და დახურეს Königreich Deutschland-ის არალეგალური სადაზღვევო კომპანია GemeinwohlKasse. კერძოდ, გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ ჩხრეკები ჩაატარა გერმანიის ათ ფედერალურ შტატში არსებულ ფილიალებში და შეაგროვა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ Königreich Deutschland-ში უკანონო ფინანსური ტრანზაქციები, მათ შორის, არალეგალური საბანკო და სადაზღვევო ტრანზაქციები ხორციელდებოდა.
2025 წელს კი Königreich Deutschland აკრძალეს. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაჯგუფების საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. უწყების თქმით, გაერთიანების წევრებმა ქვეყანაში ე.წ. კონტრსახელმწიფო შექმნეს და "დანაშაულებრივი ეკონომიკური სტრუქტურები" ააწყვეს.





