კობახიძის განათლების რეფორმა

თსუ: ჯაბა სამუშიას თქმით, დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, მათი და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით თსუ-ის მმართველი ორგანოების: აკადემიური საბჭოსა და სენატის, ასევე, ფაკულტეტების დეკანებისა და პროფესორების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

"სხდომის მონაწილეები შეჯერდნენ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ თავის მხრივ, ფაკულტეტების მმართველი ორგანოები იმსჯელებენ აღნიშნულ საკითხზე და შეჯერებულ პოზიციას გააცნობენ თსუ-ის აკადემიურ საბჭოსა და სენატს.

თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აკადემიურ სივრცეში აუცილებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციების შეჯერება". - წერია თსუ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ განცხადება ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 29 იანვარს გააკეთა. 

მიქანაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იქნება საწინდარი იმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება "რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს საერთაშორისო რეიტინგებს". 

კომენტარები