აშშ

ტეხასში კონგრესისა და შტატის სენატის რიგგარეშე არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატებმა მოიგეს

REUTERS/Kylie Cooper

31 იანვარს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ადგილისთვის ტეხასის შტატის მე-18 საკონგრესო ოლქში გამართულ რიგგარეშე არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა, ქრისტიან მენეფიმ გაიმარჯვა. პარალელურად, ტეხასის შტატის სენატის მე-9 ოლქის რიგგარეშე არჩევნებში ხმათა  უმეტესობა ასევე დემოკრატმა, ტეილორ რემეტმა მოიპოვა.

მენეფიმ და რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ამანდა ედვარდსმა გასული წლის ნოემბერში ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში ყველაზე მეტი ხმები მიიღეს, რის შემდეგაც მათ შორის მეორე ტური გაიმართა. მენეფიმ ხმების 68.4% მიიღო, ედვარდსმა კი - 32.6%. 

ხოლო ტეხასის შტატის მე-9 ოლქის არჩევნებში რემეტმა ხმათა დაახლოებით 57% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, რესპუბლიკელმა, ლი ვამბსგანსმა კი - დაახლოებით 43%.

ტეხასის შტატის მე-18 საკონგრესო ოლქს წარმომადგენელი არ ჰყოლია, მას შემდეგ, რაც ყოფილი კონგრესმენი, სილვესტერ ტერნერი გასული წლის მარტში გარდაიცვალა. 

როგორც Reuters ხაზს უსვამს, ტეხასში კონგრესის არჩევნების შედეგი ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შესაძლო შედეგებზე არ მიუთითებს, რადგან ტეხასის შტატის მე-18 საკონგრესო ოლქში ისტორიულად დიდწილად დემოკრატი კანდიდატები იმარჯვებდნენ.

თუმცა, გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ოლქი, სადაც რემეტმა გამარჯვება მოიპოვა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა 17%-ით მოიგო, რაც განწყობის პოტენციურ ცვლილებაზე შესაძლოა მიუთითებს.  

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ადგილთა უმრავლესობა უკავიათ, კერძოდ 218 ადგილი აქვთ, ხოლო დემოკრატებს - 213. მენეფის ინაუგურაციის შემდგომ წარმომადგენელთა პალატაში 214 დემოკრატი იქნება. 

ჯორჯიის, ნიუ-ჯერსისა და კალიფორნიის თავისუფალი ადგილებისთვის რიგგარეშე არჩევნები მარტში, აპრილსა და აგვისტოში ჩატარდება. 

ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნები იგეგმება, როდესაც წარმომადგენელთა პალატის 435-ივე ადგილთან დაკავშირებით იყრება კენჭი.

კომენტარები