თავის დაწვის მცდელობა

ბათუმში, ოცნების წევრის შვილმა თავის დაწვა სცადა - კაცი გადარჩა და კლინიკაშია

ბათუმში, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილმა, ბადრი აბაშიძემ Facebook-ზე პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს თავის დაწვა სცადა. მან საწვავი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. შემთხვევა ბათუმის სტადიონის, აჭარაბეთ არენას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც გამოცემა აჭარა თაიმსს თვითმხილველები უყვებიან, ცეცხლის წაკიდების შემდეგ, მამაკაცი იქვე მდებარე ღია აუზში ჩახტა და გადარჩა. მათივე ინფორმაციით, ის ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ცეცხლის წაკიდებამდე, მამაკაცმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს თქვა, რომ მას ქართული ოცნების მოქმედი მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთის დათმობას და მათთვის ნდობით აღჭურვილ პირზე გადაფორმებას სთხოვენ. ბადრი აბაშიძე ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მისი ორგანიზაციის კერძო საკუთრებაა, ოქროს საბადოს წარმოადგენს.

აბაშიძე ჰყვება, რომ ის რამდენჯერმე მოქმედმა პარლამენტარმა და მისმა გარემოცვამ დაიბარა. მისივე თქმით, იყო შანტაჟი და მუქარაც, მათ შორის, დაკავებითაც. ბადრი აბაშიძე ამბობს, რომ მას მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარიც შესთავაზეს, რაზეც, მისივე განცხადებით, უარი თქვა და ამის შემდეგ მას "სხვანაირად ებრძვიან".

კომენტარები