რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონმა ზელენსკის უთხრა, რომ დაკავებული რუსული ტანკერის გათავისუფლება უწევს

Thibault Camus/Pool via REUTERS/File Photo

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 29 იანვარს სატელეფონო საუბრისას უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, განუმარტა, რომ საფრანგეთის კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იძულებული იქნება, დაკავებული ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" რუსული ტანკერი გაათავისუფლოს.

გამოცემა європейська правда-ს კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას კიევში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაკრონმა მას აცნობა, რომ გეგმავს კანონმდებლობის შეცვლას, რათა სამომავლოდ დაკავებული რუსული ტანკერების გათავისუფლება აღარ მოხდეს. 

ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, საფრანგეთის მაგალითს მიჰყვნენ და "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერები გააჩერონ და დააკავონ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ტანკერების კონფისკაცია ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც ომის დასრულებას დააჩქარებს.

"ეს საკითხი ყველა სახელმწიფოს ეხება, სულ მცირე ჩრდილოეთისა და საზღვაო ქვეყნებს, რომლებსაც ამაზე გავლენა აქვთ. რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერები უნდა გაჩერდეს და დაკავების ადგილას დარჩეს და არა - დროებით შეჩერდეს. ასეთი გადაწყვეტილებების მიღების მზაობა უკვე არსებობს და რუსებისთვის ეს ნამდვილად გაართულებს მდგომარეობას," - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, საფრანგეთის ფლოტმა 2026 წლის 22 იანვარს დააკავა ნავთობის ტანკერი, რომელიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" ეკუთვნის. 

"ოპერაცია ხმელთაშუა ზღვის წყლებში ჩატარდა, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის მხარდაჭერით. ეს მოხდა ზღვის სამართალზე გაეროს კონვენციის მკაცრი დაცვით," - დაწერა მაკრონმა ტანკერის დაკავების შემდეგ X-ზე.

კომენტარები