ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომის ფორმატში საქართველოში მოქმედი საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი.
"აღინიშნა, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია.
მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიწოდების ჯაჭვის მუშაობას, ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს". - ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობი იმპორტირებული პროდუქტია, დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზარზე და ფასი ცვალებადი აქვს.
"ყოველდღე იცვლება მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე ფასები. რა და როგორ იქნება, ამას განვსაზღვრავთ [შეხვედრაზე]. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვასა და გაყიდვაზე, ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში დამოკიდებულია იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, ჩვენ არ ვიცით "პლაცების" ფასი რა იქნება იმ დღეს. ამიტომ, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ, დღეს მოვისმენთ ტველაფერს და ამისდა მიხედვით, ჩვენ განვსაზღვრათ შემდგომ რა შეიძლება იყოს და რა არა". - განაცხადა იობაშვილმა.
ცნობისთვის, 28 იანვარს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის" სხდომაზე 25 ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
26 იანავრს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომაზე 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.
23 იანვარს კი შეხვედრა გამართა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





