პარტია ლელო - ძლიერი საქართველო ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს რომ ცვილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან მათი შეფასებით ივანიშვილის პარტია მორიგ ანტიკონსტიტუციურ ცვილებებს იღებს და "ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს".
მათივე ცნობით, ცვლილებას ასევე გაასაჩივრებენ სტრასბურგის სასამართლოში.
პარტიის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ღიად იწყებს მოსახლეობის რეკეტს და "ამით ცდილობს საყოველთაო მორჩილების მიღებას.
"ტოტალური რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ - „ქართული ოცნება“ ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ქართველ ხალხს, ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს! ახლადდაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით პოტენციურად დასჯადი ხდება ყველა ფინანსური ტრანზაქცია, რომელიც, მათ შორის უცხოეთიდან, ემიგრაციიდან განხორციელდება! საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით ირჩენენ, შესაძლოა სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ ნებისმიერ დროს, თუ ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს. ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლებას მძევლად აჰყავს მათი ოჯახის წევრებიც, და ფაქტობრივად უკრძალავს მათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობის უფლებას, სიტყვის თავისუფლებასაც კი.
პოლიტიკურად გაკოტრებული, ლეგიტიმაციადაკარგული „ქართული ოცნება“, როგორც საბჭოთა პირდაპირი გადმონაშთი, უკვე ღიად იწყებს მოსახლეობის ფინანსურ რეკეტს და ამით ცდილობს საყოველთაო მორჩილების მიღებას.
რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში მოყვნენ მეწარმეებიც. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან.
ამ „სამართალდარღვევის“ ჩადენის შემთხვევაში აუდიტის სამსახური მეწარმეს დააჯარიმებს 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების ყოველი განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით.
ასევე, „ქართული ოცნების“ დაანონსებული კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
ამ ცვლილებით, „ქართული ოცნება“ მორიგ ჯერ ზე არღვევს საქართველოს უმაღლეს კანონს, რადგან ეს ჩანაწერი პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვაა!
„ძლიერი საქართველო - ლელო“ აღნიშნულ ცვლილებას, როგორც მანამდე მიღებულ ანტიკონსტიტუციურ საკანონმდებლო ცვლილებებს გაასაჩივრებს ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში და მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს აამოქმედებს, რომ რეპრესიული, ანტიკონსტიტუციური კანონის მიღება შეჩერდეს". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 28 იანვარს ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ცვლილებები შეაქვთ გრანტების შესახებ კანონში, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გაითვალისიწნებს. ასევე დაჯარიმდებიან მეწარმე სუბიექტები საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის.





