თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
გირაოს გადასახდელად მას 30 დღე აქვს. თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.
პროკურატურამ ასევე მოითხოვა საზღვრის კვეთის აკრძალვა და ღუდუშაურისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ილია ღუდუშაურს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარუდგინეს. მუხლი 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, ღუდუშაურმა, რომელიც მინისტრის მოადგილესთან ერთად სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო, სასწრაფოს მანქანების შესყიდვაზე ტენდერი უკანონოდ გააუქმა, ახალი ტენდერის პირობები კი კონკრეტულ კომპანიას მოარგო.





