ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს და მარკეტებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია იყოს.
"ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა უზრუნველვყოთ და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებმა დაიკლოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ საქართველოში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს, ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ [...] და ადგილობრივ საცალო ქსელებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიხილოთ, ვიდრე იმპორტირებული უცხოური პროდუქცია". - თქვა ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 26 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომაზე 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.
23 იანვარს კი შეხვედრა გამართა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





