"ემსიბი ჯორჯიას" ხელმძღვანელის, ალექსანდრე რატიშვილის თქმით, შესაძლოა, "არ მოგვწონს სუს-ის ბიზნესში შემოყვანა", მაგრამ ის, რაც ახლა სასურსათო ბიზნესის დარგში ხდება, "ბევრად უარესი პროცესია". ამის შესახებ რატიშვილმა ოცნების "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომის შემდგომ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.
"ჩვენ, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების სახით, წლებია, 10 წელზე მეტია პარლამენტის თავმჯდომარეებთან, მინისტრებთან, პრემიერმინისტრებთან, კონკურენციის სააგენტოსთან გვქონია შეხვედრები და ეს საკითხი დაგვიყენებია, მაგრამ მიზეზთა და მიზეზთა გამო, აქამდე ეს არ ხდებოდა. [...] გვაქვს ძალიან დადებითი გამოცდილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის, რომელმაც შეისწავლა რამდენიმე წლის წინ ეს საკითხი სიღრმისეულად, დასკვნაც დადო, მიმართა საკანონმდებლო ორგანოს და მთავრობას რეკომენდაციით, რომ შემოღებულიყო ჩარჩო, საკანონმდებლო რეგულაციის ფორმატი, რომელიც დაარეგულირებდა და შექმნიდა ე.წ. თამაშის წესებს ამ დარგში. ისევ დაიდო მაგიდაზე, შემოიდო თაროზე. [...]
პირობები, რასაც ისინი [ქსელები] აყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროებზე ძალიან მძიმე პირობებია - ეს არის "ქეშბექი", შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები [...] რომ არა ქსელები, ჩვენ ჩვენს პროდუქციას ვერ გავყიდდით, მაგრამ მარტო მე ვიხეირო, ვისარგებლო და შენ გაკოტრდი, ამის პირდაპირი მნიშვნელობით... შეიძლება, არ მოგვწონს სუს-ის ბიზნესში შემოყვანა, მაგრამ ის, რაც ხდება, ბევრად უარესი პროცესია თქვენთვის, თითოეული ადამიანისთვის, ბიზნესისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის, ვიდრე ის, რომ სუს-ი შევიდა და საბუთები მოითხოვა". - თქვა რატიშვილმა.
ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომაზე 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
კობახიძის თქმით, აქვთ პირველად ინფორმაცია, რომ "არსებული თამაშის წესები" ბაზარზე ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაციაში.
ცნობისთვის, 2025 წლის 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.
21 იანვარს კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ მარკეტების რაოდენობა ფასებზე აისახება და "ტვირთად აწვება მოსახლეობასაც".
22 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.





