ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, მოსაწონი არ არის სუეპრმარკეტებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების შესვლა. მისივე თქმით, სუს-ს "არ ამტყუნებს", რადგან შეიძლება რაიმე ოპერატიული იმფორმაცია სჭირდებოდათ.
პაპაშვილმა ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ ირაკლი კობახიძესა და 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მე მგონი, არ არის მოსაწონი, არაფერი საჭირო არ არის ეს [სუს-ის სუპერმარკეტებში შესვლა]. შეიძლება რაღაც ოპერატიული ინფორმაცია სჭირდებოდათ და ამიტომ არ ვამტყუნებ, არაფერ უხეშობას იქ ადგილი არ ჰქონია და რაღაც კოოპერაცია იყო ბიზნესსა და [უწყებებს შორის]. მათ შორის აქ [შეხვედრაზე] დასვეს საკითხი წარმომადგენლებმა, რომ მათთვის მიუღებელია ასეთი შემოწმება და შემოსვლა, იმიტომ რომ დამალული მაინც არაფერი არ არის" - თქვა ლაშა პაპაშვილმა TV ფორმულასთან.
პაპაშვილის ხედვით არსებობს რამდენიმე გამოსავალი, რაც პროდუქტებს გააიაფებს. როგორც ბიზნესმენი ამბობს, შეხვედრაზე მისი რჩევა იყო, რომ კომისიის მუშაობაში 10-15 მხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთოს და თავიანთი გეგმა წარუდგინონ.
"მსოფლიო გიგანტებთან მოლაპარაკებები არის ერთი მნიშვნელოვანი გზა, საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფება, ასევე უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო აკეთებს ისადაც. [...]
ქსელებს რაც შეეხება, მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი კონკურენციაა ერთმანეთში და ერთ ქუჩაზე შეიძლება 5 მარკეტი შეგხვდეს. ერთი მაღაზია რომ გახსნა მილიონი დოლარი გინდა - რემონტში, დანადგარებში და მოსახლეობაც წუხდება, შეიძლება ცოტა ამის რეგულირება. [...] ნაკლები კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს იქ სადაც საჭიროა. [...]
ჩემი რჩევა იყო რომ 10-15 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთოს, რომ თავიანთი გეგმა დადონ - თვითონ როგორ წარმოუდგენიათ, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით სად შეიძლება რაღაც გამოსავლის და ფასთა რეგულირების გზის პოვნა, ისე, რომ არ დაზიანდეს მონაწილეები". - განაცხადა პაპაშვილმა.
ცნობისთვის, 26 იანავრს ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე "სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის" სხდომაზე 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა.
21 იანვარს, ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ.
23 იანვარს კი შეხვედრა გამართა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, 24 დეკემბერს, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სასურსათო პროდუქტზე "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია". მან სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, "სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები". ასევე, კობახიძის მოთხოვნით, საგამოძიებო კომისია შეიქმნება ივანიშვილის პარლამენტშიც.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომისია სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს.
იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სურსათის ფასების შესწავლას იწყებენ.





