აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
თავდაპირველად ტრამპმა თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრა 21 იანვარს გაიმართებოდა, თუმცა, თეთრი სახლის კორესპონდენტებმა მოგვიანებით დააზუსტეს, რომ შეხვედრა მომდევნო დღეს, 22 იანვარს, გაიმართებოდა. საკითხზე ინფორმირებულმა ორმა პირმა CNN-ს ასევე განუცხადა, რომ შეხვედრის გამართვა კვლავ არის მოსალოდნელი.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ დავოსში გამგზავრებას არ აპირებდა და უკრაინაში დარჩენა ერჩივნა, მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში რუსეთის საჰაერო იერიშებმა კიდევ უფრო გააღრმავა ენერგოკრიზისი უკრაინაში.
უდავოა, რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკური ფორუმის ნაცვლად უკრაინას ვირჩევ, მაგრამ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს." - უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს 20 იანვარს.
ამასთანავე, ზელენსკიმ დაამატა, რომ ფორუმზე დასწრებას იმ შემთხვევაში განიხილავდა, თუკი უკრაინისთვის დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და ენერგეტიკული დახმარების პაკეტებზე შეთანხმებების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი.
გამოცემა Politico წერს, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის გამართვა, ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" შესახებ გამართული სესიის შემდეგ არის მოსალოდნელი.





