სფერო ჰოლდინგი

სფერო ჰოლდინგის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს

შპს სფერო ჰოლდინგის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული, სფერო ინვესტის დირექტორი, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში დაიწყო და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

მურუსიძის დაკავებას მისი ადვოკატი და საქმის პროკურორი ადასტურებენ.

"გიდასტურებთ, რომ გიორგი მურუსიძე ნამდვილად დაკავებულია. ექსტრადაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ის იტალიაში დააკავეს". - თქვა პროკურორმა ნინო კეპულაძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

TV პირველს მურუსიძის ადვოკატი, ნონა ფილაურიც ესაუბრა.

"გიორგი მურუსიძეზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. მან იტალიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დოკუმენტაციის მოსაპოვებლად საელჩოში მივიდა და იქვე დააკავეს". - თქვა მურუსიძის ადვოკატმა.

2025 წლის ნოემბერში მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ბრალდებით სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს. ასევე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო სფერო ინვესტის დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის ცნობით, "ბრალდებულთა ქმედებების შედეგად მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს".

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ ფიზიკური პირებისაგან დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, შპს სფერო ჰოლდინგის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს იურიდიული პირი - სფერო ინვესტი, რომლის დირექტორად გაფორმდა გიორგი მურუსიძე, თუმცა საწარმოს ფაქტობრივ მართვას გივი წულეისკირი და გიორგი მურუსიძე ერთობლივად ახორციელებდნენ.

გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის ოქტომბრამდე, სფერო ინვესტის სახელით, ფიზიკურ პირებთან გააფორმეს უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის, აგრეთვე ე.წ. კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულებები.

კერძოდ: უძრავი ქონების დროებით საცხოვრებლად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ფიზიკურ პირებს სფერო ინვესტის ანგარიშზე შეჰქონდათ თანხები, რის შემდეგაც სფერო ინვესტი მათთვის მესამე პირებისაგან ქირაობდა ბინებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ორგანიზაციას სრულად უნდა დააბრუნებინა მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხები. მიუხედავად ამისა, სფერო ინვესტმა შეწყვიტა ქირის საფასურის გადახდა, არ დააბრუნა თანხები, რის გამოც ასეულობით მოქალაქე საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

კაპიტალდაბანდების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, მოქალაქეები სფერო ინვესტის ანგარიშზე რიცხავდნენ თანხებს, კომპანიას მათთვის უნდა გადაეცა ყოველთვიური სარგებელი, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, მოქალაქეთა მიერ შეტანილი თანხები სრულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ განახორციელეს.

გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ, ზემოაღნიშნული ხერხით, 244 მოქალაქეს ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს". - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები