14 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვენესუელის დროებითმა მთავრობამ ქვეყანაში დაპატიმრებული ამერიკის რამდენიმე მოქალაქე გაათავისუფლა. დეპარტამენტს გათავისუფლებულების რაოდენობა ან ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვენესუელამ, აშშ-ს მიერ ქვეყნის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-ს მოქალაქეები გაათავისუფლა.
"ჩვენ მივესალმებით ვენესუელაში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებას. ეს დროებითი ხელისუფლების მხრიდან სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ინფორმირებული წყარო New York Times-ს უყვება, რომ ამ დროისთვის, სულ მცირე, სამი ამერიკელია გათავისუფლებული.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.
12 იანვარს ვენესუელას დროებითმა მთავრობამ განაცხადა, რომ 116 პატიმარი გაათავისუფლა.
"ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მასშტაბური პროცესი დაიწყო. მადლობა!" - დაწერა ტრამპმა პოლიტპატიმრების გათავისუფლების შემდეგ.





