ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ბოკუჩავა: არ გამოვრიცხავ, რომ ლილუაშვილი, შესაძლოა, ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი "ერთგვარი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა."

ამის შესახებ მან ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე ჰქონდა თუ არა ლევან ხაბეიშვილს ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან კონტაქტი, ბოკუჩავამ უპასუხა, რომ ინფორმაცია არ აქვს და ამ კითხვის ადრესატი ის არ არის.

წამყვანი: უშვებთ [რომ ჰქონდა კონტაქტი], გადაჭრით ვერ მეტყვით?

ბოკუჩავა: გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, იცით, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს თქვენ თუ კონკრეტულად 4 ოქტომბერზე და... მე არ გამოვრიცხავ და ეს საჯაროდაც მითქვამს, რომ ლილუაშვილი, შესაძლოა, ერთგვარი ორმაგი აგენტის როლს ასრულებდა და ბიძინა ივანიშვილმა ის საბოლოოდ მაინც, რა თქმა უნდა, დასაჯა. ამ და ბევრი სხვა მიზეზის გამო. [...] შესაძლოა, რომ რიგ ოპოზიციონერებთან და ოპოზიციურ აქტორებთან ჰქონდა რაღაც კონტაქტი.

წამყვანი: მათ შორის ხაბეიშვილთან?

ბოკუჩავა: მე არ მინდა, ადამიანი, რომელიც, მით უმეტეს, საპყრობილეშია, თუ თვითონ არ აკეთებს განმარტებებს საკითხზე იმიტომ, რომ ასეთი შესაძლებლობები მას ისევე, როგორც სხვა ადამიანებს, რომლებიც 4 ოქტომბრის გამო დღეს საპყრობილეში არიან და კაცმა არ იცის რამდენი ხნით, ჩვენ თუ პროცესები სწორად არ წავიყვანეთ და არ ჩამოვშალეთ რეჟიმი, რა თქმა უნდა, ჩემს თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ გავაკეთო განცხადებები, რაზეც, მათ შორის, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რომც მქონდეს, მაშინაც არ ვიტყოდი, პირდაპირ გეუბნებით, მისგან რომ არ მომდინარეობდეს ამის სურვილი. მაგრამ, მითუმეტეს არ ვიტყვი, როდესაც არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

თუმცა, ჩემი აზრით, ამის დაშვების საფუძველი ნამდვილად უნდა გვქონდეს და ეს დაშვება მე წარსულშიც გამიკეთებია და არ გამოვრიცხავ, რომ დიახ, თავის გადარჩენის მიზნით ღარიბაშვილები, ლილუაშვილები და სხვები, შესაძლოა კალაძეც - იმიტომ, რომ კალაძე ამ ადამიანებს რომ ხედავს ბორკილებით, დარწმუნებული ვარ მშვიდად მას არ სძინავს ღამით, იმიტომ, რომ გადასარევად იცის რამდენი აქვს მოპარული და ივანიშვილმაც იცის და შეიძლება, ის იყოს შემდეგი. იმიტომ, რომ ის ნამდვილად არის კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელმაც მრავალი წელია ქართველი ხალხის ხარჯზე, თბილისელების ხარჯზე უდიდესი კაპიტალი მოაგროვა.


12 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მას 5 წლით პატიმრობა განესაზღვრა.  მუხლი, რომლითაც მას ბრალი ჰქონდა წარდეგინილი 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ღარიბაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ჩამოერთვა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული" და ჩხრეკისას ამოღებული თანხა. ღარიბაშვილის სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებულია 6.5 მილიონი აშშ დოლარი.

სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი კი, 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება - ყოფილ მაღალჩინოსანს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები