აშშ-რუსეთი

RFE/RL: დასტურდება, რომ აშშ-ს მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რადიო თავისუფლების ცნობით, აშშ-ს მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის, Marinera-ს კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას გამოცემა მეზღვაურებზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.

გამოცემის ცნობით, რომ აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერს 47 წლის მეზღვაური, ავთანდილ კალანდაძე მართავდა, რომელთან დაკავშირებაც 7 იანვრის შემდეგ ვერ ხერხდება. ამასთან, ამ დრომდე უცნობია ეკიპაჟის სხვა ქართველი წევრების ვინაობა.

მანამდე, 7 იანვარს, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ინფორმაცია ეკიპაჟის წევრების სისხლის სამართლის წესით გასამართლების გეგმის შესახებ, რომლებსაც სანქცირებული ტანკერით სანქცირებული ნავთობის გადაზიდვაში ედებათ ბრალი.

ტანკერი, რომელიც წარსულში Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ს ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე 7 იანვარს დააკავეს.

მედიის ცნობით, აშშ-ს სანაპირო დაცვამ "ნავთობტანკერზე ასვლა წინააღმდეგობის გარეშე შეძლო".

აშშ ტანკერ Marinera-ს რამდენიმე კვირის განმავლობაში მისდევდა. მანამდე,  The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტანკერის ესკორტირებისთვის რუსეთმა წყალქვეშა ნავები და სხვა საზღვაო საშუალებები გაგზავნა.

ორ კვირაზე მეტია, რაც ტანკერი Marinera, რომელიც სავარაუდოდ ცარიელია, რადგან ვენესუელაში ნავთობით დატვირთვა ვერ შეძლო, აშშ-ს ბლოკადას თავს არიდებდა. აშშ-მ გასულ კვირებში ვენესუელას სანქცირებული ნავთობის შეტანაზე ბლოკადა დაუწესა. გემი ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის, რომელსაც რუსული, ირანული და ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადააქვს.

ამავდროულად, აშშ-ს სამხრეთის სარდლობამ გაავრცელა ე.წ. ჩრდილოვან ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი Sophia-ს დაკავების ჩანაწერი. სარდლობის განცხადებით, "Sophia საერთაშორისო წყლებში მოქმედებდა და კარიბის ზღვაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა".

კომენტარები