აშშ-ირანი

WSJ: თეთრ სახლში ირანის დიპლომატიურ შეთავაზებას განიხილავენ, ტრამპი დარტყმებისკენ იხრება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

The Wall Street Journal-ის ცნობით, თეთრ სახლში განიხილავენ ირანის ბოლო დიპლომატიურ შეთავაზებას, შეამციროს საკუთარი ბირთვული პროგრამა, თუმცა, თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერიშების მიტანისკენ იხრება.

WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის თანაშემწე, რომელთაც ვიცეპრეზიდენტი ჯეიდი ვენსი ხელმძღვანელობს, ცდილობს, ტრამპი დიპლომატიურ მიდგომაში დაარწმუნოს, სანამ დემონსტრანტების დახოცვის გამო ირანზე იერიშებს მიიტანენ. 

WSJ-სთან საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად თქვეს, რომ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მიდგომის გადასაწყვეტად მაღალი რანგის თანაშემწეებს 13 იანვარს შეხვდება. შესაძლო ვარიანტებს შორისაა სამხედრო დარტყმები ირანის რეჟიმის ობიექტებზე ან კიბერთავდასხმების სერია, ახალი სანქციების დაწესება და რეჟიმთან დაპირისპირებული ონლაინანგარიშების დახმარება. წყაროების თქმით, ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს იერიშებმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ირანის რეჟიმის პროპაგანდას, თითქოს მიმდინარე მოვლენების უკან აშშ და ისრაელი დგას.

WSJ-სთან საუბარში წყაროებმა აღნიშნეს, რომ ამჟამად ტრამპი ირანზე იერიშებისკენ იხრება, თუმცა, შესაძლოა, გადაიფიქროს მოვლენების განვითარებისა და თანაშემწეებთან საუბრის შესაბამისად. ზოგიერთმა წყარომ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ტრამპმა ჯერ იერიშების მიტანა, შემდეგ კი თეირანთან სერიოზული საუბარი გადაწყვიტოს.

აქამდე, 11 იანვარს დონალდ ტრამპმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს თქვა, რომ ერთი დღით ადრე ირანისგან მიიღო შეთავაზება, რომ აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ემზადებოდნენ შეხვედრისთვის, თუმცა, პარალელურად, განიხილავდნენ "ძალიან ძლიერ ვარიანტებს". ტრამპმა დაამატა, რომ შესაძლოა, მოქმედება "შეხვედრამდე მოუწიოთ".

ამას გარდა, თეთრი სახლის სპიკერმა, ქეროლაინ ლივიტმა აღნიშნა, რომ საჰაერო იერიშები "მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთია", მაგრამ "პრეზიდენტისთვის დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია".

"რაც ირანის რეჟიმისგან გესმით, ძალიან განსხვავდება მესიჯებისგან, რომლებსაც ადმინისტრაცია პირადად იღებს და ვფიქრობ, პრეზიდენტს ამ შეტყობინებების განხილვა აინტერესებს." - თქვა თეთრი სახლის სპიკერმა.

ტრამპს თანაშემწეებმა წარუდგინეს ანგარიშები, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ექნება ირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას. ამ მოლაპარაკებების წინა ხუთი რაუნდი გასული წლის გაზაფხულზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელისა და აშშ-ს ერთობლივი იერიშებით დასრულდა.


ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ, ქვეყანაში აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 544 ადამიანი მოკლა და 10 681-ზე მეტი დააკავა. ორგანიზაციის მიხედვით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები