აშშ

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა, დაშავდა 2 პირი

CBS News

11 იანვარს აშშ-ს ქალაქ ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. 

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინციდენტის დროს სატვირთო მარშის რამდენიმე მონაწილეს შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი პოლიციამ რამდენიმე საცხოვრებელი ბლოკის დაშორებით დააკავა და ამჟამად საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ინციდენტზე მიმდინარეობს "აქტიური გამოძიება, რათა განისაზღვროს, თუ რამ გამოიწვია შეჯახება." 

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ სატვირთოზე ბანერი იყო დამაგრებული, ტექსტით "არა შაჰს. არა რეჟიმს. აშშ: არ გაიმეოროთ 1953. არა მოლას." რაც, სავარაუდოდ, ეხება 1953 წელს, აშშ-ს მხარდაჭერით, ირანის პრემიერმინისტრის, მოჰამედ მოსადეყის მმართველობის დამხობას, რის შედეგადაც ირანის შაჰი, მოჰამედ რეზა ფეჰლევი ქვეყანაში დაბრუნდა და მისი ძალაუფლება აღდგა.

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე 15 დღის განმავლობაში, გრძელდება.

გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 544 ადამიანი მოკლა და 10 681-ზე მეტი დააკავა. ორგანიზაციის მიხედვით, აქციების ტალღამ ქვეყნის 31-ვე პროვინცია მოიცვა და ამ დრომდე დემონსტრაციები ირანის 585 ქალაქში შენიშნეს. 

ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი და, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარეობს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ჩახშობაც. 

ირანის მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგია, თუმცა ზუსტი გეგმა არ ჩანს – გიორგი სანიკიძის მოსაზრება

ამ ფონზე, 12 იანვარს ირანიდან დევნილმა ტახტის მემკვიდრემ და ოპოზიციურმა ფიგურამ, პრინცმა რეზა ფეჰლევიმ ირანელი დემონსტრანტებისადმი სიტყვით მიმართვისას ანტისამთავრობო "ეროვნული აჯანყების ახალი ეტაპი" გამოაცხადა და მოსახლეობას აცნობა, რომ "გლობალური დახმარება" მალე გამოჩნდება. 

კომენტარები