აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება და "დახმარება გზაშია". მისივე თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანელი ხალხის სიმამაცე შენიშნა და ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული, სანამ სათავეში ხამენეის რეჟიმი უდგას.
ამის შესახებ გრემი X-ზე წერს.
"თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება. თქვენი სიმამაცე და მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თქვენი ჩაგვრა დაასრულოთ, შენიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს.
როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, "კვლავ გავხადოთ ირანი დიდებული", ეს ნიშნავს, რომ ირანში დემონსტრანტებმა აიათოლა უნდა დაამარცხონ. ეს დღემდე ყველაზე ნათელი გზავნილი არის იმისა, რომ მას, პრეზიდენტ ტრამპს, ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული, სანამ სათავეში აიათოლა და მისი მომხრეები არიან.
ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს. დახმარება გზაშია". - წერს გრემი.
ცნობისთვის, ტრამპი ხამენეის რეჟიმს არაერთხელ დაემუქრა და მთავრობა გააფრთხილა, რომ თუკი დემონსტრანტებს მოკლავდნენ, აშშ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამდა.
"ირანი თავისუფლებას უყურებს, ალბათ ისე, როგორც არასდროს, აშშ მათ გვერდით დგას დასახმარებლად". - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე 10 იანვარს.
- ტრამპი: თუ ირანი მშვიდობიან დემონსტრანტებს დახოცავს, აშშ მათ გადაარჩენს
- ტრამპი ირანს, დემონსტრანტების დახოცვის შემთხვევაში, აშშ-ს ჩარევით კიდევ ერთხელ დაემუქრა
"[...] მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს". - თქვა ტრამპმა მანამდე ჟურნალისტებთან საუბრისას
პარალელურად, ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ამ დრომდე რეჟიმმა, სულ მცირე, 116 ადამიანი მოკლა და 2 600-ზე მეტი დააკავა. ამასთანავე, ქვეყნის მასშტაბით კვლავ გათიშულია ინტერნეტი.
გამოცემა Wall Street Journal-ს აშშ-ს მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში ირანზე შესაძლო იერიშების შესახებ წინასწარი დისკუსიები უკვე გაიმართა.
წყაროების ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად ირანულ სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო იერიში განიხილება. კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ჯერჯერობით ადმინისტრაციაში კონსენსუსი არ არსებობს და ამ ეტაპზე იერიშის მიზნით რეგიონში სამხედრო აღჭურვილობის ან სამხედროების გადაგზავნა არ მომხდარა.
ამას გარდა, ისრაელელი ჟურნალისტი, ამიტ სეგალი ამბობს, რომ ისრაელში მიიჩნევენ, რომ ტრამპი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ გაჟღერებულ მუქარას საპასუხო ქმედებებსაც მოაყოლებს.
ამ ფონზე 10 იანვარს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა რომ უსაფრთხოება "წითელ ხაზს წარმოადგენდა" და არმიამ დაიფიცა, რომ საზოგადოებრივ საკუთრებას დაიცავდა.
IRGC-ს განცხადებით, 1979 წლის ისლამური რევოლუციის მონაპოვარი და ქვეყანაში უსაფრთხოების შენარჩუნება "წითელ ხაზს" წარმოადგენს. არმიამ დაამატა, რომ არსებული ვითარების გაგრძელება მიუღებელი იყო.





