აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს, ქვეყანაში მიმდინარე საპორტესტო აქციებში ჩართული დემონსტრანტების დახოცვის შემთხვევაში, აშშ-ს ჩარევით კიდევ ერთხელ დაემუქრა.
"ირანი სერიოზულ გასაჭირშია. როგორც ჩანს, ხალხი გარკვეულ ქალაქებს იკავებს, რაც, სულ რამდენიმე კვირის წინ, შესაძლებელი არავის ეგონა. ჩვენ ვითარებას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით.
მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებათ. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს.
ასეთი შემთხვევები უკვე ყოფილა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ მთლიანად უკან დაიხია, მაგრამ… რაც ახლა ირანში ხდება, მართლაც საკმაოდ დაუჯერებელია. ამის ყურება გამაოგნებელია. მათ ცუდად იმუშავეს, საკუთარ ხალხს ძალიან ცუდად ექცეოდნენ და ახლა ამის საფასურს იხდიან. ვნახოთ, რა მოხდება - ჩვენ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო.
გამოცემა New York Times-ის მიხედვით, დეკემბრის ბოლოს ირანის ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 42.2 პროცენტს მიაღწია.
გავრცელებული ცნობებით, რეჟიმმა ამ დრომდე, სულ მცირე, 38 ადამიანი მოკლა, ხოლო 2 200-ზე მეტი დააკავა და დემონსტრანტებს ცეცხლიც გაუხსნა. ამის მიუხედავად, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით მრავალ ქალაქს მოედო.
ცნობისთვის, ტრამპი ირანის რეჟიმს მიმდინარე პროტესტების განმავლობაში საკუთარი მოსახლეობის დახოცვის შემთხვევაში აშშ-ს ჩარევით უკვე რამდენჯერმე დაემუქრა.





